დეპუტატებმა აზერბაიჯანში ქართული სკოლებისა და ქართული ენის სწავლების, და სხვა საკითხებზე იმსჯელეს
აზერბაიჯანის ისტორიული ქართული დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის მექანიზმები და შესაძლებლობები დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. სხდომის მუშაობაში დარგობრივი სამინისტროების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და აზერბაიჯანის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ექსპერტები და საკითხით დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დეპუტატებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქართული სკოლებისა და ქართული ენის სწავლების, კახის რაიონში ქართული კულტურის სახლის აღდგენისა და ქართული მოსახლეობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საკითხებზე იმსჯელეს.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პრობლემები, რომელიც აზერბაიჯანის ქართველებით დასახლებულ რეგიონში არსებობს, მოგვარებადია.
„ორივე კომიტეტი ვაპირებთ ერთობლივ ვიზიტს ჰერეთში და სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ. ჩვენ ყველაფერს ვეცდებით იმისთვის, რომ პრობლემების გადაჭრა ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად მოხერხდეს. ჩვენ გაგვაჩნია ძალიან სერიოზული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ასევე, გაგვაჩნია ისტორიულად კარგი ურთიერთობა, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ პრობლემები, რომელიც ქართველი მოსახლეობის წინაშე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობს, ეტაპობრივად იყოს აღმოფხვრილი, ისევე, როგორც ჩვენ ვცდილობთ, ყველანაირი პრობლემა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელებისა იყოს გადაწყვეტილი და მოწესრიგებული”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, არის საკითხები, რომელიც თანაბრად პრობლემურია საქართველოში მცხოვრები როგორც ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვისაც. „თითოეული პრობლემა, რომელიც დაისვა, უნდა გადავიყვანოთ ორმხრივი მოლაპარაკებების და თანამშრომლობის ფორმატში”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მისივე თქმით, უნდა მოხდეს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებების გათანაბრება საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებთან როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე.
„უნდა მოვიფიქროთ ერთიანი მიდგომა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, შეიძლება აღნიშნულმა კომიტეტებმა იფიქრონ სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბებაზე საბჭოს სახით ან კომისიის სახით, რომელიც იმუშავებს საინგილოს თემაზე და ასევე უფლებების გათანაბრების საკითხზე.
„ჩვენ გვაქვს 10 საკითხი, რომელიც გადასაჭრელია. შეგვიძლია ამ მიმართულებით რეგულარულ ფორმატში გადავიყვანოთ მსჯელობა და, შესაბამისად, პროგრესის მონიტორინგის შესაძლებლობაც გვექნება”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
ერთობლივად განსახილველი საკითხის შემდეგ, თითოეულმა კომიტეტმა საკუთარი დღის წესრიგით იმუშავა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დეპუტატებმა ღია კენჭისყრით ირმა ნადირაშვილი აირჩიეს.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. მომხსენებლის – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგინიძის განმარტებით, ცვლილების შედეგად, სკოლებში შესაბამისი საგნების სწავლებისას აქცენტი იმ არსობრივ ზოგადსაგანმანათლებლო სიკეთეებზე გაკეთდება, რასაც საგანი ფარავს და არა იმ ტექნიკურ სტანდარტებსა თუ უნარებზე, რაც საჭიროა მოსწავლემ გამოიმუშავოს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.
მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა მოხდება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების გარეშე.
„სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს მიიღებენ ის პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და ის პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, თუმცა ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება”, – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ოპონენტები ითხოვდნენ ინფორმაციის მიწოდებას, თუ რა კვლევებს ეფუძნებოდა აღნიშნული რეფორმა.
„ეს კვლევა გახლავთ ფლორენციაში, ევროპული უნივერსიტეტის დოქტორანტის – ლელა ჩახაიას კვლევა, ხოლო კვლევის რეცენზენტია – პიტერ ვან რიჯერი, რომელიც გლობალური საგანმანათლებლო ტესტირების სერვისის ITSGlobal-ის მეცნიერ-მკვლევარია. აღნიშნული კვლევა ეფუძნება როგორც საგამოცდო სისტემების ლიტერატურის მიმოხილვას საერთაშორისო დონეზე, ასევე განათლებაში განხორციელებული საგამოცდო რეფორმების შედეგების შეფასებას. სწორედ ამ შედეგებით დაისვა კითხვები, როგორც ვალიდურობასთან, ისე პროგნოზირებასთან დაკავშირებით. გამოსაშვები საატესტატო გამოცდები იყო თუ არა ვალიდური და რეალურად ასახავდა ცოდნის დონეს მოსწავლეებში ან სავალდებულო ზოგადი უნარების ტესტები რამდენად წარმოადგენდა აკადემიური წარმატების პროგნოზის საშუალებას. სწორედ ამ კვლევის შედეგად იქნა შემოთავაზებული სამინისტროს მიერ ეს ცვლილებები”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მინისტრის მოადგილემ, ასევე, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება წარმოადგინა. მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მინიჭება მოხდება.
მისივე მოსაზრებით, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიმართულების ინსტიტუციური განვითარების სრულყოფილად რეალიზებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მმართველობითი ორგანო დაფუძნდეს და მისთვის ფუნქციათა დელეგირება მოხდეს კანონის საფუძველზე.
„სწორედ აღნიშნული მიდგომითაა განპირობებული, რომ წარმოდგენილი კანონპროეტის თანახმად, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდამჭერ ძირითად ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო. საკითხის ამგვარად გადაწყვეტის საჭიროებას განაპირობებს ისიც, რომ კანონპროექტით სააგენტოს ფუნქციები მნიშვნელოვნად იზრდება”, – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს (საქართველოს მთავრობა და სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო) შორის ფუნქციათა ახლებურად გადანაწილების გათვალისწინებით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები იქნა შეტანილი მოქმედი კანონის მთელ რიგ მუხლებში.
სხდომაზე განიხილეს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება.
შეთანხმებას ხელი ბერლინში, 2018 წლის ნოემბერში მოეწერა და ორი ქვეყნის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ისახავს მიზნად. როგორც სხდომაზე აღინიშნა, განცხადებით, ანალოგიური შეთანხმებები საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან უკვე აქვს გაფორმებული, რომლებიც მხარეებს კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობას უწყობს ხელს.