ზვიად კვაჭანტირაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მოქალაქეთა შრომითი მიგრაციისა და ლეგალური მიგრაციის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მექანიზმებზე ისაუბრეს, რომელთა განხილვასაც 4 მარტს დაგეგმილი კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიეძღვნება.
სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა კომიტეტის თავმჯდომარისგან ემიგრაციისა და უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმების საკითხებზე კომიტეტის ხედვას გაეცნო. აღინიშნა, რომ ემიგრაციის საკითხებზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან აქტიურად ურთიერთობს და აღნიშნულ თემებზე ორგანიზაცია კომიტეტთანაც მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში ითანამშრომლებს. თანამშრომლობის ფორმატი კი კომიტეტის მიერ მომზადებული ინიციატივების მხარდაჭერასა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგების და სემინარების გამართვას მოიცავს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მდივანი, ზაალ სარაჯიშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები