ემზარ კვიციანი: ჟურნალისტებმა საღლიცინო თემად აქციეს ჩემი ინიციატივა და წყვილების აღრიცხვას გაუსვეს ხაზი

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, ემზარ კვიციანის განცხადებით, ცენტრი, რომელიც ახალდაქორწინებული წყვილების დახმარებას ითვალისწინებს, ჟურნალისტებმა საღლიცინო თემად აქციეს. ამის შესახებ კვიციანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ცენტრს, რომლის სახელწოდებაა “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“, დახმარების თხოვნით უკვე ბევრმა ადამიანმა მიმართა.
„მინდა, მოგახსენოთ ამ ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც პატარა აჟიოტაჟი და ღლიცინი გამოიწვია იმ ადამიანების, ჟურნალისტების, რომლებიც ქართველებისა და საქართველოს გაძლიერების წინააღმდეგ მიდიან.
მინდა, განგიმარტოთ, რომ ცენტრის შექმნა დაკვეთილი იყო იმ ემიგრანტებისგან, რომლებიც არიან წარმატებული ბიზნესმენები. ეს ყველაფერი შემოატრიალეს ისე, თითქოს, აღრიცხვა ხდება შეყვარებულების და რაღაცა. საუბრის თემა იყო უბრალოდ და საუბარში ითქვა ეს სიტყვა, გამოეკიდნენ ამას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი “საჰაჰაოდ” აეწიათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდებიან და იმართებიან ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. მაგრამ არაფერი გამოუვათ.
სპეცსამსახურებმა უკვე მიაკითხეს იმ ბიზნესმენებს, რომ შეაჩერონ რაიმე დახმარება ამ ცენტრის მიმართ. ვაფრთხილებ ამ სპეცსამსახურებს, რომ გაჩერდნენ, მიატოვონ სამშობლოს ღალატი“,- განაცხადა კვიციანმა.
მისივე თქმით, ცენტრი იმ ახალდაქორწინებულ წყვილებს დაეხმარება, რომლებსაც მთაში ცხოვრების სურვილი აქვთ. მისივე თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი 100 მილიონს ჩარიცხავს, დახმარებას სხვა წყვილებიც მიიღებენ.
„ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქველმოქმედათაა ცნობილი, ქართველების დასახმარებლად ამ ფონდში ჩარიცხოს ერთი 100 მილიონი. 300 მილიონით გამდიდრდა ახლა ვკითხულობდი. 100 მილიონი ჩარიცხოს და მერე ცენტრი მთელ საქართველოს მოიცავს , ყველას დაეხმარება . ერთი კვირა გავიდა, რაც ანგარიშია გახსნილი , არც ვიცი ჩემს გარდა თუ ვინმე ჩარიცხავდა იქ თანხას“- განაცხადა კვიციანმა.
კვიციანი მთის კანონში ცვლილებების შეტანასაც ითხოვს.
„მთის კანონში ცვლილება გვინდა, იმის გამო, რომ რამენაირად დემოგრაფიულ კატასტროფას ვუშველოთ, მით უმეტეს, მთაში. მთა დაცლილია. არსებობს 9-თვიანი ბარიერი კანონში, რომელიც 1 თვემდე უნდა შემცირდეს. რას გულისხმობს ეს ბარიერი – იქ ადამიანმა აუცილებლად 9 თვე უნდა იცხოვროს, რომ მის მიმართ შეღავათები ამოქმედდეს.
ჩვენი ცენტრი იმის მიხედვით დაეხმარება ოჯახებს, რა შემოსავლებიც იქნება. ასევე რიგითობის მიხედვითაც, ვინც პირველი შემოიტანს განცხადებას, ვისაც მეტად უჭირს. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ მილიონებს გადაურიცხავენ, ეს ასე არ იქნება. გათვალისწინებულია პირველადი დახმარების ნივთები, როგორც კოდორის ხეობაში გვქონდა, მაგრამ იქ სახელმწიფო აკეთებდა ამას. კოდორის ხეობაში უფასოდ ჰქონდათ პური, ზეთი, შაქარი მარილი, უფასოდ შემქონდა ყველაფერი, ამით შევინარჩუნეთ იქაურობა. ბევრს უნდა მთაში დაბრუნება. ეს დაიხვიეს ჟურნალისტებმა იმისთვის, რომ საღლიცინო თემად გადაექციათ ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივა, ამიტომ, წყვილების აღრიცხვას გაუსვეს ხაზი. არავინ იქნება აღსარიცხი, უკვე იმდენი ადამიანი რეკავს, იმდენი ითხოვს დახმარებას. ბევრი დახმარების მსურველი გვწერს“, – განაცხადა კვიციანმა.
ცნობისთვის, კვიციანმა რამდენიმე კვირის წინ ორგანიზაციის დაარსება დააანონსა.
“მალე დაფუძნდება ახლა ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად, აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და მოხდება მათი დახმარება”, – განაცხადა კვიციანმა.
მანვე რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ცენტრში ბიძინა ივანიშვილი “კაი მსუყე თანხას” ჩარიცხავს.
“დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და ამდენი წელიწადია, ქართველი ხალხის გვერდშია, ერთ კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს, ალბათ”, – განაცხადა კვიციანმა 19 თებერვალს “მაესტროს” ეთერში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები