“კომერციული ბანკი და რეგულატორი, როცა საქმეს გაარჩევენ საჯაროდ, სხვა კომერციული ბანკი სასამართლოს აღარ მიმართავს და საკითხის პარლამენტში გარჩევას მოითხოვს“
როდესაც კომერციული ბანკი და რეგულატორი ქეისს გაარჩევენ საჯაროდ ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ სხვა კომერციული ბანკი სასამართლოში აღარ გაასაჩივრებს საქმეს და იტყვის, წამოდით პარლამენტში გავარჩიოთ ეს საკითხიო, -ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხის პარლამენტში განხილვა მართებული არ არის.
„დიახ, საქართველოს პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც კეთდება პოლიტიკა, გეთანხმებით აბსოლუტურად. შესაბამისად, ყველაფერი ის, რაც არის პოლიტიკასთან დაკავშირებული და განზოგადებულ წესებთან დაკავშირებული , რაც ეხება რეგულაციებს, რაც ეხება ლარის კურსს, რაც ეხება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, რაც ეხება ყველა იმ წესს, რომელიც არის ზოგადი ქვეყნისთვის და რაც არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი , რა თქმა უნდა ღიად და საჯაროდ უნდა იყოს განხილული, ამაში ორი აზრი არ არსებობს. სწორედ ამიტომ არსებობს ეს მექანიზმი დაბარების და შესაბამისად კითხვების დასმის და პასუხების მოსმენის. არის მეორე თემა, კონკრეტული ქეისი , კონკრეტული კომერციული ბანკი და რეგულატორი. ერთ სიბრტყეში საჯარო მოსმენა პრეცედენტი არ არსებობს. ეს შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირ. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამე თემა შეიძლება დაიფაროს ან დაიმალოს ან არ მოხდეს მასზე მსჯელობა. არსებობს სხვა ფორმატები ამისთვის, მაგრამ ინსტიტუციაზე გელაპარაკებით კოლეგებო. როდესაც კომერციული ბანკი და რეგულატორი ქეისს გაარჩევენ საჯაროდ და სახალხოდ ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ სხვა კომერციული ბანკი არ შეასრულებს ეროვნული ბანკის მითითებას, სასამართლოში აღარ გაასაჩივრებს საქმეს და იტყვის ,წამოდით პარლამენტში გავარჩიოთ ეს საკითხიო. ეს არ არის სწორე და ჯანსაღი მიდგომა. ჯანსაღი მიდგომა არის ამაზე მსჯელობა რა თქმა უნდა ,მაგრამ არა ესეთ ფორმატში. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, იმიტომ რომ ასეთი მიდგომა საფრთხეს უქმნის ინსტიტუციას და ჩვენ ინსტიტუციურად უნდა ვიაზროვნოთ პირველ რიგში“, -განაცხადა დავით მათიკაშვილმა.