კადეტების პატივსაცემად ნიკო კეცხოველს ყოველი წლის თებერვალში თაიგული აჰქონდა კოჯორში…

 პროფესორი მარი წერეთელი ფეისბუქის გვერდზე  ცნობილ მეცნიერთან – ნიკო კეცხოველთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. კადეტების პატივსაცემად მას ყოველი წლის თებერვალში თაიგული აჰქონდა კოჯორში. სიცოცხლის ბოლომდე ასე იყო. 1982 წლის 22 ნოემბერს აიტანა თაიგული – თითქოს გრძნობდა, რომ თებერვლამდე ვერ მიაღწევდა…
„კვირა“ მარი წერეთლის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ორჯერ შევხვდი. პირველად, როდესაც ინტერვიუს ასაღებად შინ ვესტუმრეთ. საკმაოდ მკაცრი ჩანდა და არც ენაწყლიანი გეგონებოდა, თუმცა, ჩვენი პირველი შთაბეჭდილება არ გამართლდა. ხანგრძლივად გვესაუბრა… გაიხსენა გიმნაზიის წლები და ქართული ენისა და ლიტერატურის უსაყვარლესი პედაგოგი ვასილ ბარნოვი. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოეხდენა ერთი შემთხვევას, როდესაც მწერალს მოსწავლეები, მწირი საგზლით, კრწანისის ველზე გაუყვანია და იქ აუხსნია გაკვეთილი – ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა“.
მეორედ ბატონი ნიკო თავად მობრძანდა ჩვენთან რედაქციაში. იმხანად მასზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იყო თსუ-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, საკმაოდ მკაცრი, თუმცა, სამართლიანი რექტორი, თვალსაჩინო მეცნიერი და მწერალი. არ ვიცოდით, ან საიდან გვეცოდინებოდა, რომ ნიკო კეცხოველი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ იბრძოდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე, სადაც დაჭრილა კიდეც. ჯერ კიდევ 1919 წელს მხედრული სიმამაცისათვის დაუჯილდოებიათ „თეთრი გიორგის“ ჯვრით. იყო საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პარტიის წევრი მისი დაფუძნებიდან – 1917 წლიდან 1924 წლამდე, ასევე, მთავარი კომიტეტის წევრი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი.
1924 წელს, აგვისტოს აჯანყებამდე ცოტა ხნით ადრე, დააპატიმრეს და მას შემდეგ ჩამოშორდა კიდეც პოლიტიკურ საქმიანობას. კიდევ უფრო გვიან შევიტყეთ, რომ 1941-1942 წლებში, სხვა ცნობილ მეცნიერებსა და მოღვაწეებთან ერთად თანაუგრძნობდა ფარულ პატრიოტულ ორგანიზაცია „სამანს“. მისი ქალიშვილი, მზია კეცხოველი იხსენებს: ,,კადეტების პატივსაცემად მამას ყოველი წლის თებერვალში თაიგული აჰქონდა კოჯორში. სიცოცხლის ბოლომდე ასე იყო. 1982 წლის 22 ნოემბერს აიტანა თაიგული – თითქოს გრძნობდა, რომ თებერვლამდე ვერ მიაღწევდა”.
ეს ამბები ახლა გაცხადებულია და ბევრსაც ეცოდინება, თუმცა, ამ ძველ შავ-თეთრ ფოტოს ჩემთვის კიდევ უფრო სხვაგვარი შინაარსით ტვირთავს.
გადაღებულია საქართველოს რადიოს მე-9 სტუდიაში, მგონი, გადაცემის ჩაწერის წინ. ჩემთან ერთად ფოტოზე გამოსახულები არიან, ახლახან გარდაცვლილი ჟურნალისტი და ლიტერატორი, ქ-ნი ლამარა კიკილაშვილი და ტელეჟურნალისტი ალექსანდრე შენგელია“, – წერს მარი წერეთელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები