დავით ზალკალიანი ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა

,,მიხარია, რომ ბაკურიანელებთან შეხვედრისა და თქვენი მდგომარეობის გაცნობის საშუალება მომეცა. საქართველოს მთავრობის თითოეული წევრი მოწადინებულია, რომ საზოგადოების ყველა წევრთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს,”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ბაკურიანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ,,კვირას” უწყებიდან აცნობეს, მინისტრი მიესალმა საქართველოს მთავრობის, კერძო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას – პროექტ ,,სოფლის მხადრაჭერის პროგრამის” ფარგლებში მსგავსი შეხვედრების ჩატარების პრაქტიკას და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც მთავრობის წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სურვილებისა და პრიორიტეტების ცოდნა, რათა მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული იყოს მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობაში.

შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც მოქალაქეებს განვითარებისა და წინსვლის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს. მან საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმ სიკეთეებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს მოაქვს. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა.

“საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 2014 წელს გააფორმა, მისი განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტი, ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ ბაზრების დივერსიფიკაცია, ამ თვალსაზრისით აღნიშნულ შეთანხმებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან საშუალებას გვაძლევს გვქონდეს წვდომა ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე. ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია.”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის დახმარება მიმართულია ისეთი მნიშვნელოვანი დარგების ხელშეწყობისკენ, როგორიცაა ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის განვითარება, განათლების და მეცნიერების სფეროში სიახლეების დანერგვა, სამოქალაქო თავდაცვის და  უსაფრთხოების სექტორის გაძლიერება, კრიმინალთან ბრძოლა და სხვა. ამ მხრივ აღინიშნა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ENPARD-ის მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისთვის კოოპერატიული თანამშრომლობის მხარდაჭერას. ​

დავით ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამცხე-ჯავახეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროექტების მნიშვნელობაზე სოფლის განვითარების კუთხით.შეხვედრაზე საგარეო უწყებოს ხელმძღვანელმა აღნიშნა 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობა, რომელსაც უძღვებიან ევროკომისიის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერმინისტრი.

„ჩვენ გვქონდა მაღალი დონის შეხვედრა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სადაც ვისაუბრეთ იმ სამომავლო პროექტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენ წარვადგინეთ 18 პრიორიტეტული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე ლოჯისტიკურ პროექტებს, საუბარია გზებზე, მაგისტრალებზე,  ლოჯისტიკური ცენტრების აშენებაზე, პორტების განვითარებაზე. დიდი პროექტების განვითარება გულისხმობს დანმატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, როცა ვსაუბრობთ ინკლუზიურ განვითარებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე, სწორედ ასეთი პროექტები  უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ, ყოვლისმომცველ განვითარებას, სადაც რეგიონალური პროექტები იქნება პრიორიტეტული.”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ღონისძიების დასასრულს დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას და  სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს, შეხვედრის ორგანიზებისთვის.

„სოფლის მხარდამჭერი პროგრამა” რეგიონების განვითარებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად., რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება განხორციელდება. (თითოეული პროექტის ღირებულება 5 000-დან 10 000 ლარს შეადგენს). საქართველოს  3 700 სოფლის  ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანი, სოფლის კრებებზე, თავად წყვეტს თუ რა ტიპის პროექტი უნდა განხორციელდეს მათ დასახლებაში. პროექტების შერჩევა ხდება სწორედ საერთო კრებების სხდომებზე, უშუალოდ მოსახლეობის ჩართულობით. დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა –  სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოება; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების დამონტაჟება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების კეთილმოწყობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ წელს მთავრობამ რეგიონების განვითარებისთვის 280 მილიონი ლარი გამოყო.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები