,,აბესალომ და ეთერის“ ხელნაწერი კლავირი – 100 წლის წინ ზაქარია ფალიაშვილის ოპერის პრემიერა გაიმართა
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება აქვეყნებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ ხელნაწერი კლავირის ეგზემპლარის ფოტოს, რომელიც უკავშირდება 100 წლის წინ, 1919 წლის 21 თებერვალს, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერას.
„ოპერა წარმოდგენილი იქნა 5 მოქმედებად და 6 სურათად. დიდი მოცულობის გამო საზოგადოების კრიტიკული განწყობა გამოიწვია. ეს შენიშვნები გამოითქვა პრესაშიც. ავტორმა გაითვალისწინა ძირითადი შენიშვნები და შეკვეცა ოპერა.
კლავირის ეს ეგზემპლარი წარმოადგენს ოპერის შეკვეცილ ვარიანტს. კლავირი დაწერილია შავი ტუშით, ტექსტი ქართულია, მუზეუმს გადასცა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიამ 1961 წელს, კლავირის ბოლო ფურცელზე ფანქრით მითითებულია, რომ იგი 1935 წლამდე იყო ვინმე ნ. მამაცაშვილის საკუთრება.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში არსებულ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთ უძვირფასეს რელიკვიას წარმოადგენს ოპერა ,,აბესალომ და ეთერის“ კლავირი, რომელსაც ამშვენებს ავტოგრაფი: ,,ძეგლად დედისერთა ყრმის ირაკლის უმანკო სულისა, მამა მისის ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილისაგან.’’ ზაქარია ფალიაშვილს ოპერაზე ,,აბესალომ და ეთერი“ მუშაობის დროს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. მას ერთადერთი ვაჟი ირაკლი გარდაეცვალა (1904-1915 წ.წ.). ამის შემდეგ ზაქარიამ ოპერაზე მუშაობა შეწყვიტა. ორი წელი ფორტეპიანოს არ გაკარებია და ოპერის კლავირისა და პარტიტურის განადგურების მცდელობაც კი ჰქონდა.
კომპოზიტორის ძმის ნიკოლოზ ფალიაშვილისა და ასევე მისი სტუდენტის გიორგი მარჯანიშვილის გადმოცემით, ზაქარიას სიზმრად უნახავს ირაკლი, რომელსაც უსაყვედურია მამამისისთვის ოპერაზე მუშაობის შეწყვეტის გამო. კომპოზიტორმა დაახლოებით 1917 წლიდან გააგრძელა ნაწარმოებზე მუშაობა“, – აღნიშნულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ტექსტში.