ვოლსკი გოცირიძეს: ქურდული გარჩევაც, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც თქვენკენ მოიკითხეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის გამოსვლას “თი-ბი-სი ბანკთან” დაკავშირებით, არაკომპეტენტური უწოდა.
მისივე თქმით, ქურდული გარჩევაც, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავსგასულობაც გოცირიძემ მისი პარტიისკენ უნდა მოიკითხოს.
„ეს არ არის მხოლოდ ემოცია, ეს არის კომპეტენტური ადამიანის არაკომპეტენტური გამოსვლა, იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ჯიმ მორგანის ხსენება იმ კონტექსტში, რომ შეეშინდა რაღაც ქურდული გარჩევის, არის არაკომპეტენტური განცხადება.
მეორე საკითხი არის ის, რომ სასამართლოდან სარჩელი გამოაქვს, რადგან ზუსტად იცის რაც მოხდა, ხოლო მესამე არის ის, რომ თავად მამუკა ხაზარაძეც არ უარყოფს ამ თემას, ამბობს, რომ არ იცოდა. ფაქტი არის იმდენად ნათელი და თვალსაჩინო, რომ ამაზე კამათი არ შეიძლება. საკითხის ასე შებრუნება თუ შეიძლებოდა, რომ თურმე აქციონერთა საბჭოს შეეშინდა და საქართველოს სასამართლოდან გამოიტანა საჩივარი არა იმიტომ რომ ხედავს, რაღაცა არ არის წესრიგში, არამედ იმიტომ რომ შუშის სასახლეშია საქმე, ძალიან გთხოვთ, დაანებეთ ამას თავი. ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავსგასულობაც. მით უმეტეს, არ შეიძლება ასე ყველაფრის ჩამოკიდება იმაზე, რასაც თქვენი პოლიტიკური ინტერესი ჰქვია. არსებობს სახელმწიფო ინტერესი და ხანდახან ამაზე უფრო მეტად უნდა დაფიქრდეთ“, – მიმართა ვოლსკიმ გოცირიძეს.
ცნობისათვის, როგორც გოცირიძემ განაცხადა, “თი-ბი-სი ბანკთან” დაკავშირებით “სასამართლო” ბიძნა ივანიშვილის შუშის სასახლეში გაიმართა და იმ „ქურდული გარჩევის“ დროს მამუკა ხაზარაძე 100:0 დამარცხდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები