ჭიჭინაძე დღევანდელ კენჭისყრაზე: გვაინტერესებს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელ კენჭისყრაზე
9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ეხება, უმრავლესობის მხარდაჭერის მიღება გაუჭირდება. ამის შესახებ ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გაუჭირდება. მაგრამ, ჩვენ მაინც გვაინტერესებს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დამოუკდიებელ გადაწყვეტილებას იღებს. ყველა ხვდება რომ ეს არის უსამართლობა. სასამართლოებით ქვეყანაში უსამართლობა ინერგება. ვინც ამას წინააღმდეგობას გაუწევს, ეს ხალხია საინტერესო. მე ჩავთვლი, რომ ეს ადამიანები ქვეყნისთვის პოზიტიურ მზრუნველობაზე არიან გადართულები და არა , ვთქვათ, მაამებლურ პოლიტიკაზე კონკრეტულად გარკვეული ადამიანების ჯგუფის. პოლიტიკაში თუ ხარ და ხარ პოლიტიკოსი , რა თქმა უნდა, უნდა ემსახურო ხალხის, ქვეყნის ინტერესებს და არა კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს.
მე როგორც ვიცი, დღეს უმრავლესობას ბექა ნაცვლიშვილი ნამდვილად დატოვებს. ეკა ბესელიამაც თქვა, ლევან გოგიჩაიშვილმაც. ავტორები ვინც არიან ამ კანონპროექტის, ვფიქრობ, მათ ყველამ დაადასტურეს მზაობა. ღირებულებით დაპირისპირებაში შედის უმრავლესობის გარკვეული ნაწილი ერთმანეთთან და რა თქმა უნდა, როცა ღირებულებები ასეთი აცილებულია და აბსოლუტურად განსხვავებული ხედვაა, დაშორება უნდა მოხდეს“- განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გუშინ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები