„ევოლუცია & დეკადანსი“ – თბილისის ისტორიის მუზეუმი სანდრო დალაქიშვილისა და ნინა პერის ერთობლივ პროექტს უმასპინძლებს
22 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, სანდრო დალაქიშვილისა და ნინა პერის გამოფენა -„ევოლუცია & დეკადანსი“ გაიხსნება.
ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი:
„თანამედროვე ხელოვნება ხშირად ასახავს პოსტ-აპოკალიპტურ სურათებს, სამყაროს დასასრულსა და მუტანტებით დასახლებულ სამყაროებს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ეპოქის ხასიათის ანარეკლია. თუმცა, სამყაროს დესტრუქციისა და დეგრადაციის ჩვენება ზოგჯერ თვითმიზნური ხდება და ემსგავსება შეჯიბრს ეფექტური გამოსახულებების დემონსტრირებაში.
ამასთან, ჩნდება კითხვაც: რა აზრი აქვს ამ საშინელებათა ჟანრის შოუს, თუ კონკრეტულ პრობლემებზე არ იქნება მსჯელობა? ინფორმაციისა და სოციალური ქსელების ეპოქისთვის სახასიათო პრობლემების ჩამონათვალში საზოგადოების ნაწილი ხშირად ასახელებს ემპათიის ნაკლებობას, აგრესიის სიჭარბეს, უკიდურეს მატერიალიზმსა და ღირებულებების დეფიციტს. ჰაი-ტექ არქიტექტურა, თანამედროვე ქალაქის ურბანული რიტმი, ეკოლოგიური პრობლემები, ელექტრონული სამყაროს ილუზიები განსაზღვრავს თანამედროვე ადამიანის გარემოს, სადაც ადგილი აღარ რჩება ერთმანეთთან და ბუნებასთან ურთიერთობისა თუ სულიერი გამოცდილებებისათვის.
პროექტი – „ევოლუცია & დეკადანსი“ ამ პრობლემატიკაზე მსჯელობის დაწყებას სთავაზობს აუდიტორიას ორი ძირითადი თემით: 1) რა რეალობა მივიღეთ ევოლუციის სახელით და რამდენად სახიფათოა მხოლოდ მატერიალური ინტერესების ქონა; 2) როგორია იმ ცოდნის შედეგები, რომელიც ცივილიზაციამ დააგროვა, ხოლო დღეისთვის ის მხოლოდ გაჯეტების სახით აინტერესებს სამომხმარებლო საზოგადოებას. სანდრო დალაქიშვილის სკულპტურული ინსტალაცია – „ოქროს მაიმუნი“ ირონიულ ვერსიას წარმოადგენს ისეთ მარადიულ თემაზე, როგორიც ოქროს კერპია; ორგანული სამყაროს ევოლუციური თეორიის მთავარი პერსონაჟი ჰომო საპიენსად გარდაქმნის გზაზე მარცხს განიცდის, ინსტინქტების ტყვე ხდება და ოქროს მონეტებით მოთამაშე ბიოლოგიურ არსებად იქცევა.
ნინა პერის ასევე ირონიული დასახელების “ქაჩე-გამოქაჩე“ ფერწერული ნამუშევარია, დატვირთული მრავალი სიმბოლო-კოდებითა და შინაარსებით. მითოლოგიური არსების – კენტავრის ორთავიანი ვერსია აერთიანებს ორ საწყისს, – ადამიანურსა და ცხოველურს, როგორც მუდმივი წინააღმდეგობის სურათს. ამ მარადიული ბრძოლის ირგვლივ მთელი სამყარო ვიბრირებს სრულიად განსხვავებულ ფერებად, ფორმებად და რთულ, ერთი შეხედვით ქაოსურ სურათს ქმნის. გარდა ამ შინაარსისა, კენტავრის მითოლოგიური ფიგურა კიდევ ერთ მნიშვნელობასაც ატარებს, – კერძოდ, პერსონაჟი – ქირონი, – კენტავრთა შორის გამორჩეული ცოდნითა და ჭკუით, სხვა მითოლოგიური გმირების აღმზრდელი, ინტელექტუალური სფეროს პრობლემატიკაზეც მიანიშნებს. სარკისებური ანარეკლის მსგავსად განლაგებულ კენტავრებს ვაშლები უჭირავთ, – მათგან ერთი ბუნებრივი ნაყოფია, მეორე კი მაკ დიზაინის ნიშანი. ორაზროვნება ზოგადად განმსზაღვრელია სანდრო დალაქიშვილისა და ნინა პერის ამ ერთობლივი პროექტისათვის. ექსპოზიცია მკაფიო, პოპ არტისთვის სახასიათო სიმკვეთრის მქონე აქცენტებით არის აგებული და ორიგინალური ვიზუალით აგებს ერთ-ერთი მარადიული თემის არტისტულ ინტერპრეტაციას“.