ზვიად ძიძიგური: საზოგადოების დაკვეთაა, სასამართლო დამოუკიდებელი იყოს და მისი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი თემა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაა

როცა იუსტიციის საბჭომ პარლამენტში სია გამოაგზავნა, ამ საკითხის მიმართ უმრავლესობის უმრავლესობას ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ეს არ იყო მარტო ეკას, ლევანისა და გედის პოზიცია. ეს იყო უმრავლესობის პოზიცია. ამან საკმაოდ კარგ შედეგამდე მიგვიყვანა იმ თვალსაზრისით, რომ სანაცვლოდ მივიღეთ თემა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ გამწესება შესაბამისი რეგულაციით, ანუ ახალი კანონით მოხდება, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები დაწესდება და პერსონალიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, „კონსერვატიული პარტია“ მხარს არ დაუჭერს იმ პერსონებს, ვისთან დაკავშირებითაც ნეგატიური დამოკიდებულება ექნებათ.

„პარლამენტისთვის ძალიან დიდი უფლებაა, როდესაც მას აქვს სრული უფლებამოსილება, დამტკიცების ნაწილში გადამწყვეტი სიტყვის მქონე იყოს. ვფიქრობ, ესაა პოზიტივი, რომ ჩვენ დარეგულირების საშუალება მოგვეცა და უკვე არ შეიძლება, უვადო მოსამართლედ გამწესებას ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე დაუჭირო მხარი. ჩვენ ეს რეალობა სწორედ იმან მოგვიტანა, რომ უმრავლესობის უმრავლესობა ამის წინააღმდეგი იყო“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგურმა ასევე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მასში შემავალმა პარტიებმა სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ პრინციპული გადაწყვეტილება რამდენიმეჯერ მიიღეს.

„სასამართლოს რეფორმა და მისი დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯები არის ის მიღწევა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. საზოგადოების დაკვეთაა, სასამართლო დამოუკიდებელი იყოს და მისი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი თემა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, 2013 წელს, როცა უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოსამართლეთა კორპუსი მთლიანად არ დაეთხოვათ, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, მაშინაც იცოდნენ, რომ მოსამართლეთა კორპუსი ის იყო, რაც იყო და უკეთესს არავინ წარმოუდგენდა, მაგრამ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ყველამ ერთად მიიღო და კოლეგებისგან განსხვავებით მას არ მიაჩნია, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს ხვალ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ კონსერვატორები აგრძელებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც 2013 და 2018 წელს იქნა მიღებული და მხარს არ დაუჭერენ იმ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების კიდევ ხუთი წლით შეჩერებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები