სკანდალი გრძელდება – "თეო ტლაშაძე ცრუობს!"
ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაპარტიელი დავით კეკელიშვილი ყოფილ დეპუტატსა და ოქრუაშვილის მეგობარს თეო ტლაშაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. კეკელიშვილის განცხადებით, თეო ტლაშაძე შუამავალია ირაკლი ოქრუაშვილსა და ათონელის ქუჩაზე მდებარე პარტიის მეწილეებს შორის. მისივე თქმით, ტლაშაძე მას სოციალური ქსელის მეშვეობით რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდა და ირაკლის დანაბარები პირადად გადასცა. კეკელიშვილმა „კვირის“ რედაქციას მისი და ტლაშაძის მიმოწერაც გადასცა და აღნიშნა, რომ ტლაშაძის მხრიდან ამ ფაქტების უარყოფა აბსურდულია.
„თეო ტლაშაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მან არ იცის, ვინ არიან ათონელის №27-ში მდებარე ოფისის მფლობელები. თეო ტლაშაძე შუამავალია ირაკლი ოქრუაშვილსა და იმ მეწილეებს შორის, რომლებიც არ ვაპირებთ ათონელის ოფისის წილის დათმობას ირაკლი ოქრუაშვილის სასარგებლოდ. ამიტომაც შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ მიშა ქარელთან გაგზავნილ მუქარის სმს-ში, ტლაშაძეზე უნდა გადაგვეფორმებინა ქონება. ტლაშაძე მარტო მე კი არა, ყველა მფლობელს იცნობს. ის სოციალური ქსელის მეშვეობით რამდენიმე თვის წინ პირადად მე დამიკავშირდა და ირაკლის დანაბარები გადმომცა, ამას მოწმობს ეს მიმოწერაც, რომელიც თქვენ გადმოგეცით. ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში ტყუილებით,“ – განაცხადა კეკელიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, თეო ტლაშაძის ამ წერილის შემდეგ, ის ოქრუაშვილს არ დაკავშირებია. შეგახსენებთ, რომ „კვირას“ ექსკლუზიურად ჩაუვარდა ხელში შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულისთვის მობილურ ტელეფონზე მიწერილი სმს შეტყობინება. როგორც მიხეილ ქარელმა განმარტა, მუქარის შემცველი წერილი მას ირაკლი ოქრუაშვილმა გაუგზავნა. წერილის ავტორი მას ათონელის ქუჩაზე მდებარე ოფისის წილების დათმობას და თეო ტლაშაძეზე გადაფორმებას სთხოვდა. თავად თეო ტლაშაძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იცნობდა ოფისის მეწილეებს და რაიმე სახის მოლაპარაკებებს აწარმოებდა მათთან ოქრუაშვილის სახელით.
„მე არც კი ვიცი ზუსტად, ვინ არიან შენობის მფლობელები, რადგან მე არც ვარ და არც ადრე ვყოფილვარ შენობის მეწილე, ამიტომ დიდად არ დავინტერესებულვარ“,- აღნიშნა თეო ტლაშაძემ “კვირასთან” საუბრისას.