ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს დაუპირისპირდა – „ნუ ამეცადინებ იურისტებს“

“ნუ ამეცადინებს იურისტებს, რომლებიც კანონს კარგად კითხულობენ“, – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე.
სხდომაზე, სადაც “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ, ბესელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებს დავით ბაქრაძესა და დავით უსუფაშვილს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე შეუნარჩუნდებათ.
პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელია დაინტერესდა, რატომ უნარჩუნდება სახელმწიფო დაცვა დავით ბაქრაძეს, ვინ იყო ამის ინიციატორი და რა არგუმენტაციით.
ამასთან, ეკა ბესელიამ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს მიმართა, რომელიც პროექტზე მომხსენებელია.
მისი ინფორმაციით, იდეა სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან არ მოდიოდა და ეს “ბატონი ირაკლის შეთავაზება“ იყო.
“პირველი მოსმენით განხილვის დროს პროექტს წინა მოწვევისა და წინის წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების შესახებ საკითხი დაემატა. წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში, ეს ისედაც გათვალისწინებული იყო, მაგრამ რატომ დაემატა ორი მოწვევის უკანა პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის შესაძლებლობა? მე ვიცი, რომ ეს თქვენი იდეა არ იყო და თუ არ ვცდები, ბატონი ირაკლის შემოთავაზება იყო. რა არის ამის არგუმენტაცია? არ მომწონს მიდგომა, როცა კანონში ჩნდება ჩანაწერი კონკრეტული პიროვნებისთვის. ეს კარგად არ იკითხება! ეს ამ შემთხვევაში ბატონ ბაქრაძეს ეხება. არა მაქვს პერსონალური ემოციები, მაგრამ არ მომწონს, როცა კანონში გაჩნდა ჩანაწერი კონკრეტული პერსონის გამო. მე ვიცი, რომ ეს თქვენი ინიციატივა არ იყო“, – მიმართა ეკა ბესელიამ ანზორ ჩუბინიძეს, რომელმაც თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დადგენილება პარლამენტმა მიიღო, რაც კანონპროექტში აისახა, რათა რაიმე კოლიზია არ შექმნილიყო.
ამის შემდეგ, ეკა ბესელიას ირაკლი კობახიძემ უპასუხა და როგორც განაცხადა, საკითხის ინიციატორი თავად არ იყო.
“რაკი ადრესატი მე ვიყავი, გაცნობებთ, რომ საკითხის ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. თქვენ იცით, ვინ იყო საკითხის ინიციატორი. რაც შეეხება გარდამავალ დებულებებს, კანონის გარდამავალ დებულებებში ერთჯერადი რეგულაციები იწერება, განსხვავებით ძირითადი დებულებებისგან. ეს ყველაფერი პროექტის გარდამავალ დებულებებში იმიტომ წერია, რომ არის ერთჯერადი თავისი ბუნებით და ბუნებრივია, რომ ეს იურისტს არ უნდა ესწავლებოდეს“, – განაცხადა კობახიძემ ეკა ბესელიას საპასუხოდ.
თავის მხრივ, ბესელიამ კობახიძეს ურჩია, რომ “ნუ ამეცადინებს იურისტებს, რომლებიც კანონს კარგად კითხულობენ“.
“კანონს კარგად რომ ვკითხულობ, კითხვას ამიტომ ვსვამ! მე არ ვიცი, ეს ვისი ინიციატივა იყო! ეს ალბათ, თქვენ იცით, ვისი ინიციატივაც იყო. არ ვიცი, ვინ არის ავტორი ამ არაჩვეულებრივი მიგნების. ამდენ მეცადინეობას ჯობია, პასუხი მივიღოთ კითხვაზე, თუ ვინ იყო ინიციატორი და რატომ“, – მიმართა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს.
ცნობისათვის, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სახელწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ.
ერთი წლის გასვლის შემდეგ კი, აღნიშნულ პირებს სახელმწიფო დაცვა მთავრობის გადაწყვეტილებით გაუგრძელდებათ, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ პროექტს გარდამავალი დებულებების სახით დაემატა მუხლი, რომლის მიხედვით, მეშვიდე და მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებს – დავით ბაქრაძესა და დავით უსუფაშვილს, სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე შეუნარჩუნდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები