მაიკლ კალვი დააპატიმრეს – მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება
მოსკოვში, ბასმანის სასამართლომ ამერიკის მოქალაქის, მაკლ კალვის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. საინვესტიციო კომპანია Baring Vostok-ის ამერიკელი დამფუძნებელი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად გაფლანგვის საქმის უკვე მეექვსე დაკავებულია.
კალვი 13 იანვარს დააკავეს, თუმცა მისმა ადვოკატმა მედიას განუცხადა, რომ საქმის გასაჩივრებას აპირებდა. მან აღკვეთის განსხვავებული ზომაც ითხოვა, მაგრამ გამოძიებამ მიიჩნია, რომ რაკი კალვი ამერიკელია, მისი მიმალვის საფრთხეც არსებობდა და უკვე დღეს ბიზნესმენი დააპატიმრეს.
Baring Vostok-ი რუსეთში პირდაპირი ინვესტიციების ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ფონდია, ის 1994 წელს არის დაფუძნებული. ფონდი ისეთ მსხვილ კომპანიებს აფინანსებს, როგორებიცაა „ონლაინ-რიტეილერ ოზონი“, „ვკუვილი“, ტაქსის სერვისი „გეთი“, სატელეკომუნიკაციო ოპერატორი „ერ-ტელეკომი“ და სხვა.
გამოძიების ვერსიით, მაიკლ კალვიმ, ბანკ „ვოსტოჩნიდან“ 2,5 მილიარდი რუბლის მისათვისებლად, თაღლითური სქემა შექმნა. საქმე ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის, შერზოდ იუსუპოვის განცხადების საფუძველზე აღიძრა. მოსკოვის სასამართლომ საქმეში დაზარალებულად ბანკ „ვოსტოჩნის“ 2 აქციონერი ცნო. მანამდე, მედიაში, სხვადასხვა დროს, ბანკის აქციონერთა სტრუქტურებსა და არტიომ ავეტისიანს შორის კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა.
დაცვა მიიჩნევს, რომ ამერიკის მოქალაქეს ბრალდება კომერციულ დავაში ზეწოლის მოსახდენად წაუყენეს.
კალვი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს პროცესები მის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარკამპანიას ემსახურება.