აშშ-ის კონგრესი და პოლიტიკოსთა ნაწილი ტრამპის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ
ტრამპის მიერ აშშ-ის სამხრეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი გამოძიების დაწყებას მოითხოვს. კომიტეტი, რომელსაც ამერიკელი „დემოკრატები“ აკონტროლებენ, თეთრი სახლის იურიდიული მრჩევლის, პეტ ჩიპოლონესა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების დაკითხვაზე დაბარების აუცილებლობაზეც საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი, გადაწყვეტილების გამო, რამდენიმე „რესპუბლიკელმა“ პოლიტიკოსმაც გააკრიტიკა, მათ შორის, მით რომნიმ და სიუზან კოლინსმა, მათ განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, შესაძლოა, ამერიკის კონსტიტუციასთან შეუსაბამო იყოს.
თავის მხრივ, მკვეთრი, კრიტიკული პოზიცია გამოხატა კალიფორნიის შტატის მთავარმა პროკურორმა, ჰავიერ ბერეკამაც. მან აღნიშნა, რომ შტატის მაღალჩინოსნები ტრამპის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ქვეყნის სამხრეთში საგანგებო მდგომარეობა 15 თებერვალს გამოაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილების მიზანი აშშ-ის და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაა. პროექტს „დემოკრატები“ ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ბიუჯეტში სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის მხოლოდ 1,4 მილიარდი დოლარია გამოყოფილი, დონალდ ტრამპი კი კედლის აშენებისთვის 5,7 მილიარდ დოლარს ითხოვს.
მწვავე კრიტიკის მიუხედავად, „თეთრი სახლის“ ლიდერმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის თაობაზე ,,დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები “დროის კარგვა” იყო და მათი პოზიცია უგულებელყო.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს საგანგებო უფლებამოსილება მიენიჭება. ამ გზით, დონალდ ტრამპი საზღვარზე ფიზიკური ბარიერის მშენებლობას კონგრესის გვერდის ავლით მოახერხებს და თანხების მოძიებას სახაზინო დეპარტამენტისა და პენტაგონის სხვადასხვა პროგრამებიდან შეძლებს.