ვატიკანის ელჩს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
პარიზის პროკურატურამ საფრანგეთში ვატიკანის ელჩის, 74 წლის ლუიჯი ვენტურას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, ვატიკანის წარმომადგენელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
17 იანვარს, პარიზის მერმა, ან იდალგომ დიპლომატებისთვის, რელიგიური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მერიაში მიღება გამართა. შემთხვევა სწორედ ამ მიღებაზე მოხდა.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა პოლიციას საჩივრით მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ საახალწლო ცერემონიის დროს, პარიზის მერიაში, ლუიჯი ვენტურა მის თეძოებს რამდენჯერმე შეეხო.
გავრცელებული ინფორმაციით, საჩივარი მერიამ 24 იანვარს წარადგინა, გამოძიება კი, 25 იანვარს დაიწყო.
ლუიჯი ვენტურა საფრანგეთში რომის პაპის დიპლომატად 2009 წლიდან მსახურობს.
ვატიკანში ინციდენტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.