აუდიტის სამსახურის დასკვნით, შემოსავლების სამსახურს 1 454 000 ლარის ღირებულების პროექტი არ აქვს დაკონსერვებული, რაც დარღვევაა

0

სახელმწიფო აუდიტის სამსახური შემოსავლების სამსახურს აქტივების არასათანადო მოვლა-შენახვის გამო რეკომენდაციას აძლევს. აუდიტის დასკვნით, 1 454 000 ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 2016 წლიდან შეჩერებულია, დაკონსერვებული ამ დრომდე არ არის, რაც დარღვევაა და შესაძლოა, აქტივის დაზიანება ან განადგურება გამოიწვიოს.

„მოქმედი კანონმდებლობით, ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს აქტივების დაცვა დაკარგვისაგან, არამართლზომიერი გამოყენებისაგან და დაზიანებისაგან. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მშენებლობის პროცესის ექვს თვეზე მეტ ხანს შეჩერების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია, რომლის მიზანია ობიექტის მდგრადობის, უსაფრთხოების და სანიტარიული ნორმების დაცვა და მისი კონსტრუქციული ელემენტების დაუზიანებლად შენარჩუნება. შემოსავლების სამსახურის ბალანსზე დაუმთავრებელი მშენებლობის სახით ირიცხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში მდებარე შენობა, რომლის მშენებლობა დაიწყო 2012 წელს და შეწყდა 2016 წელს.

სამშენებლო სამუშაოებზე გაიხარჯა 1 454 975 ლარი. მშენებლობის პროცესის ექვს თვეზე მეტხანს შეჩერების მიუხედავად, მშენებლობის კონსერვაცია არ განხორციელებულა. ობიექტის ადგილზე დათვალიერებით გამოვლინდა, რომ მიწის და ბეტონის სამუშაოებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ყოფნის შედეგად აშკარად ეტყობა გარემოს ზემოქმედების კვალი. აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლებში შემოსავლების სამსახურის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილ საინვენტარიზაციო ოქმში არ არის მითითებული სამუშაოების შეწყვეტის მიზეზები და არ არის შენიშვნა გამოთქმული ქონების შენახვის პირობების დარღვევაზე, რაც შეუსაბამობაშია საქართველოს ფინანსთა მინისტრის N605 ბრძანების 38 მოთხოვნებთან. მშენებლობის კონსერვაციისთვის საჭირო ღონისძიებების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს აქტივის დაზიანება-განადგურება“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი