“უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და, რეალიზაციის მიზნით ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს” – დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 22,627 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (მარილი) და რეალიზაციის მიზნით ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს.
“სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა) და 18,260 ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ბ’’ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მომზადება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა”, – წერია ინფორმაციაში.