თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულს, ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა და არასაპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.
სასამართლოს სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის ინტერესშია გამოძიებასთან თანამშრომლობა.
„ჩემს ინტერესშია, გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს მეგობარზეა საუბარი. დანაშაული არ ჩამიდენია. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიების პროცესში. სიმართლე დადგინდება, გარემოების ბრალია“, – განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით აქვს წარდგენილი ბრალი, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.