ლევან რატიანი: თორნიკე რიჟვაძის ზოგადი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა – პაციენტი კონტაქტურია და ასრულებს მარტივ დავალებებს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება.
მისი თქმით, პაციენტი კონტაქტურია და ასრულებს მარტივ დავალებებს.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, არის დადებითი დინამიკით. კლინიკა გაუმჯობესებულია, რაც ნიშნავს, რომ ტრავმულ-გემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ლიკვიდირებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ – კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს, გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა, პროტოკოლის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.