ირაკლი კობახიძე: სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, ხშირად მას აბრალებენ ათას ტყუილს, აყენებენ შეურაცხყოფას, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი
სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, ხშირად მას აბრალებენ ათას ტყუილს, აყენებენ შეურაცხყოფას, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„დანარჩენს, ბუნებრივია, გამოძიება იტყვის. ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. იცით, კონკრეტული მუხლითაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდანაც“, – აღნიშნა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, „ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს კორუფციას და ბარიგების მფარველობას?“, – პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხომ? ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული, უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, „ფორმულა“. მე გეუბნებით, რომ ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული. სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ ათას ტყუილს ძალიან ხშირად, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი. ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, სიძულვილის მუდმივად დათესვა, ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ. მე მოვიყვანე ერთ-ერთი მაგალითი, დანარჩენი, ბუნებრივია, უნდა დაადგინოს გამოძიებამ“.
ამასთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამოძიების პროცესს თავადაც გააკონტროლებს.
„არა მარტო მე, პირველ რიგში, დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხით, მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. შესაბამისად, იმედი მაქვს, გამოძიება დაადგენს აბსოლუტურად ყველა დეტალს. მე ვერ ვისაუბრებ ვერსიებზე, ვერსიებზე ისაუბრებენ ძალოვნები“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.