„კავკასიურ სახლში“ ტიტე (ტიტუს) მარგველაშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება
16 თებერვალს, 18:00 საათზე, „კავკასიური სახლის“ სააქტო დარბაზში მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, ტიტე (ტიტუს) მარგველაშვილის წიგნის „კავკასია და ძველი აღმოსავლეთი (ისტორიულ-ეთნოლოგიური ნარკვევების)“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი 2017 წელს, ქართულ-გერმანული ურთიერთობების ორასი წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა.
ტიტე მარგველაშვილმა 1914 წელს, 24 წლის ასაკში ჰალე-ვიტენბერგის ფრიდრიხის სახელობის უნივერსიტეტში (გერმანია) დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა. მისი ნაშრომის მთავარი თემა ძველი წელთაღრიცხვის კოლხეთის, იბერიისა და ალბანეთის ისტორიული საზღვრების დადგენა და სოციალური სტრუქტურის შესწავლა გახლდათ. დისერტაციის დაცვის შემდეგ ახალგაზრდა მკვლევარი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო თავისი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მარგველაშვილი მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, არჩეული იყო დასახელებული პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ კომიტეტსა და საქართველოს ეროვნულ საბჭოში. მას ხელი აქვს მოწერილი 1918 წლის 26 მაისს გაფორმებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე. რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც 1946 წლამდე მოღვაწეობდა. ტიტე მარგველაშვილი წლების განმავლობაში სათავეში ედგა გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა არაერთ ორგანიზაციას. ამასთანავე, აქვეყნებდა წერილებს გერმანულენოვან სამეცნიერო-კვლევით გამოცემებში (ვრცლად ტიტე მარგველაშვილის ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2HOVraW ).
კრებული „კავკასია და ძველი აღმოსავლეთი“ აერთიანებს ნარკვევებს, რომლებსაც ტიტე მარგველაშვილი გასული საუკუნის 30-40-იან წლებში გერმანიაში, გერმანულ ენაზე წერდა. ნაცისტური ეპოქის გერმანელი მეცნიერები კავკასიელ ხალხებს „წინააზიურ რასას“ მიაკუთვნებდნენ და მათ ათასგვარ მანკიერებას მიაწერდნენ. ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი სწავლული კი ცდილობდა, რომ თავისი კვლევითი საქმიანობის შედეგად საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა თუ კულტურის განსაკუთრებული მნიშვნელობა დაესაბუთებინა.
წიგნი საქართველოსა და გერმანიის არქივებში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ მეცნიერის შვილიშვილმა, ანა მარგველაშვილმა შეადგინა. პუბლიკაციის რედაქტორები პროფესორი ნუგზარ ანთელავა და ისტორიის დოქტორი ნანული აზიკური არიან. ტექსტის ძირითადი ნაწილი გერმანისტმა ლაშა დადიანმა თარგმნა.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის ქ. №20.