მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია ოფიციალურად დაერქვა

0

პრესპანის შეთანხმება მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლის და მისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევის შესახებ ოფიციალურად ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის და მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირები Twitter-ზე აქვეყნებენ.

„რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ახალი ეპოქა იწყება“, – წერს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოგოს კატრუნგალოსი.

ახალი ურთიერთობების დაწყების შესახებ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვიც აცხადებს.

„დღევანდელი დღე შესაძლოა საბერძნეთსა და მაკედონიას შორის დიდი მეგობრობის დასაწყისი გახდეს. ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ წარსული, მაგრამ შეგვიძლია და ჩამოვაყალიბებთ მეგობრულ, პარტნიორულ და თანამშრომლურ მომავალს“, – წერს დიმიტროვი.

ამავდროულად მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობამ განაცხადა, რომ ძალაში შედის 4 საკონსტიტუციო ცვლილება, რომლებსა ქვეყნის პარლამენტმა მხარი 11 იანვარს დაუჭირა.

მთავრობის ოფიციალურ გვერდზე www.vlada.mk უკვე შეცვლილია ლოგოტიპი.

მაკედონიის სახელწოდების შესახებ განხილვა ჯერ კიდევ 1991 წელს, იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. საკითხი განსაკუთრებულად აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მაკედონიამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება გადაწყვიტა, თუმცა მის წევრობას მისივე სადაო სახელწოდების გამო, საბერძნეთი ბლოკავდა.

ნატოში მაკედონიის გაწევრიანების პროტოკოლს ხელი 6 თებერვალს მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი