„საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესება, ერთმნიშვნელოვნად, პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში“

ევროპის პალატის ყოველწლიურ კვლევაში, რომელშიც შეფასებულია ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის, საქართველოს პოზიცია ორი  საფეხურით გაუმჯობესდა, რის შედეგადაც ის, 46 ევროპულ სახელმწიფოს შორის, მე-16 პოზიციაზეა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კვლევაში შეფასებულია რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი – კორპორატიული გარემო, კანონმდებლობა, სამთავრობო პოლიტიკა, სოციალური გარემო და პირობები, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს, ან, პირიქით, ხელს უშლის კერძო სექტორს როგორც ბიზნესის დაწყების, ასევე  – წარმოებისა და გაფართოების თვალსაზრისით როგორც მოკლე, ისე –  გრძელვადიან პერიოდში.
„კვლევამ ცალსახად აჩვენა, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, არის წარმატებული, რაც მნიშვნელოვანი და დადებითი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით, ორი ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. ასევე, გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულაც 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა.
ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ქვეყნების შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა” და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის” რეიტინგის მონაცემებს. შესაბამისად, ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა  აღნიშნული რეიტინგების ქულებს ეფუძნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო რეიტინგებში გაუმჯობესება, ერთმნიშვნელოვნად, პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები