მარიამ ქვრივიშვილი: „იგლ ჰილსის” პროექტი შექმნის ღირსეული დასაქმების ახალ, ძალიან დიდ შესაძლებლობებს და, თავისი მასშტაბურობით, ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის შემცირებას ჩვენი ქვეყნიდან”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, „იგლ ჰილსის” პროექტში, სხვა მნიშვნელოვან ბენეფიტებთან ერთად, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ახალი შესაძლებლობები, რაც, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნიდან შრომითი მიგრაციის შემცირებას. პროექტის ფარგლებში, თბილისსა და გონიოში, ჯამურად, 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„პროექტს აქვს ძალიან დიდი დატვირთა კომერციულ სივრცეებზე, ასევე გვექნება და განვითარდება ახალი განთავსების ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, რომლებიც სრულად მიმართული იქნება ადგილობრივი მეწარმეების ჩართულობაზე და თავისთავად, დასაქმების შესაძლებლობებზე. ჩვენ, ერთი მხრივ, უზრუნველვყოფთ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას ექნება ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა ამ პროექტის ფარგლებში და, მეორე მხრივ, დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ეს პროექტი, თავისი მასშტაბურობით, ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის შემცირებას ჩვენი ქვეყნიდან” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული პროექტი ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდება – დასაქმდებიან ქართველი არქიტექტორები, დიზაინერები, მშენებლები, ინჟინრები, ისევე, როგორც უკვე დასრულებულ პროექტში დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები. 6,5 მილიარდიანი პროექტი ასევე განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების დინამიკაზე – მოსალოდნელია ყოველწლიურად ტურისტების 350 000-ზე მეტით ზრდა. წინასწარი პროგნოზით, პროექტის განხორციელება აგრეთვე ხელს შეუწყობს დამატებით, 10 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას. სპეციალისტების მოსაზრებით, რეალისტურია, რომ უახლოეს წლებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდით საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს „იგლ ჰილსის” უპრეცედენტო ინვესტიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები