ამირან სალუქვაძე: ჩვენი მიცვალებულების უფლებების დაცვა ვინმეს ვთხოვეთ?

,, მიცვალებულთა უფლებადამცველი რა უბედურებაა, ითხოვენ რაიმეს?  ჩვენი მიცვალებულების უფლებების დაცვა ვინმეს ვთხოვეთ? სასაფლაოზე მიცვალებულების საპატივცემულოდ ყვავილების მიტანა თუ არ შეიძლება, იქნებ მთელ მსოფლიოს აუკრძალოთ დიდების მემორიალების, უცნობი ჯარისკაცის საფლავების გვირგვინებით შემკობა?!,“- ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა.

ექსპერტი მოქალაქე ანზორ ჯაიანის ინიციატივას გამოეხმაურა. ინიციატივის თანახმად, სასაფლაოებზე შესაძლოა საკვები პროდუქტების, ალკოჰოლისა და ყვავილების მიტანა აიკრძალოს.

,,მიცვალებულთა უფლებების დამცველიც გვყოლია.

ყველანაირი დამცველი გვყავს, ეს ერთი ნიშა იყო თავისუფალი და დაიკავა ადამიანმა.

მოკლედ, იმედის გუშინდელი სიუჟეტი მიცვალებულთა უფლებადაცველის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ყოფილა. მე მეგონა ხელისუფლება აპირებდა ყვავილების მიტანის აკრძალვას.

თეზისებად, ჯერ კითხვები:

– მიცვალებულთა უფლებადამცველი რა უბედურებაა, ითხოვენ რაიმეს?

– ჩვენი მიცვალებულების უფლებების დაცვა ვინმეს ვთხოვეთ?

– სასაფლაოზე მიცვალებულების საპატივცემულოდ ყვავილების მიტანა თუ არ შეიძლება, იქნებ მთელ მსოფლიოს აუკრძალოთ დიდების მემორიალების, უცნობი ჯარისკაცის საფლავების გვირგვინებით შემკობა?!

– 3-დღიან ვადას რომ ითხოვთ, იქნებ ვერ ასწრებს ადამიანი სამ დღეში დაკრძალვას? იცით რა ღირს საფლავის შეძენა, განსაკუთრებით თბილისში?

– გაუბედურებულ ადამიანს, რომელმაც, დავუშვათ და სურდა მესამე დღეს დაკრძალვა და ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხა, მეოთხე დღეს, დახმარების ნაცვლად, ჯარიმა უნდა გამოუწეროთ?

– გარდაცვლილების უფლებებს იცავთ და ცოცხლებს ასამარებთ, რათა დასაცავი კონტიგენტი გაზარდოთ?

– მიტოვებული/უპატრონო მიცვალებულების უფლებებს რატომ არ იცავთ?

– იმედია სასახლეების დამზადებას არ მოითხოვთ სწრაფად ხრწნადი მასალებისგან?!

მოსაზრებები:

– პირადად მე ჩემი მიცვალებულების უფლებადამცველი არ მჭირდება. მივხედავთ როგორმე.

– ყვავილების მიტანას სჯობს პანაშვიდებზე მოვუკლოთ და ყვავილებში დახარჯული 5, 10 თუ 30 ლარი ოჯახს გადავცეთ. შემოვიღოთ ტრადიციად, დავდგათ ყულაბები და ჩავუყაროთ ეს ფული. იმდენი ადამიანი დადის სამძიმარზე და პანაშვიდზე, ოჯახს რაღაც დახმარება შეუგროვდება;

– ჩემი პოზიციაა და ბევრი იზიარებს, ნელ-ნელა უარი ვთქვათ ხალხმრავალ ქელეხებზე. გარდაცვლილის მოსაგონებლად ძალიან ვიწრო წრე, უახლოესი ადამიანების, ოჯახის წევრების, სრულიად საკმარისია;

– ახლობლის საფლავზე, ძმათა სასაფლაოზე ყვავილების მიტანა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა ჯერ კიდევ ძველი ბერძნების, რომაელების, ასევე ქრისტიანობის საწყისი პერიოდიდან (სხვადასხვა დროს სხვადასხვა თავისებურებებით). ეს ტრადიცია მრავალ ქვეყანაშია და დღეს გვსურს ჩვენთან ავკრძალოთ?

– სასაფლაოების დასასუფთავებლად ფულს ვიხდით. თუ სადმე პრობლემებია, მოკითხეთ ადმინისტრაციას, რომ გამხმარი ყვავილებისგან დაასუფთაონ საფლავები. ადმინისტრაცია კი ჭირისუფალთან გაარკვევს.

ესაა მოკლედ. შეიცვალეთ სფერო და ცოცხლების უფლებები დაიცავით, რათა დიდხანს იცოცხლონ, გარდაცვლილებს ცოცხლები მიხედავენ,“- წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები