ოლანდი და მერკელი პუტინს მიმართავენ
საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებენ, ცნოს უკრაინაში მიმდინარე არჩევნების შედეგები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, არჩევნებთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინთან ფრანსუა ოლანდისა და ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრებიც შედგა. კრემლის ლიდერს მისსივე საჯარო დაპირება – პატივი სცეს უკრაინელი ხალხის არჩევანს კიდევ ერთხელ შეახსენეს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, მხარეებმა ისაუბრეს იმაზე, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში უნდა ჩატარდეს და ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ეუთო-ს ხელშეწყობით დაწყებული ნაციონალური დიალოგი გაგრძელდეს.
უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებით, მიმართვა კარლ ბილდტმაც გაავრცელა.
„საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია თქვნთვის და იყავით მზად თქვენი ლიდერის ასარჩევად. იმ ადამიანის, რომელიც იზრუნებს ქვეყანაზე და მის წინსვლაზე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროპის ყველა ქვეყანა მხარდაჭერას უცხადებს თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას, თქვენს ქმედებებს მშვიდოებისათვის. თქვენ ხართ ევროპის ნაწილი და ევროპა გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას“, – მიმართავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი უკრაინელებს.
უკრაინის არჩევნების შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ რომელიმე მხარე შედეგების არაღიარებით კონფლიკტს არ განაახლებს.
„იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ არ აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, სადაც რომელიმე მხარე უარს იტყვის შედეგების აღიარებაზე და ამით გაანაახლებს კონფლიკტს, რომელიც ოდნავ ჩაცხრა. ამიტომ უნდა გაიხსნას, რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბანი და არავინ დაიწყოს უსაფუძვლოდ არჩევნების ლეგიტიმურობაზე ეჭვების გამოთქმა, არჩევნებზე რომლის ჩატარებაზეც ამდენი ძალისხმევა გახდა საჭირო, – განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.