„კიკვიძის ძეგლის მაგივრად იქნებ ქუთაისში „ცისფერყანწელთა“ ობელისკი დაიდგას?..“

დგანან: ტიციან ტაბიძე, ანდრეი ბელი, პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, სანდო შანშიაშვილი. სხედან: კოლაუ ნადირაძე, ანდრეი ბელის მეუღლე - კლავდია ალექსეევა-ბუგაევა, პაოლოს მეუღლე - თამარ ოქრომჭედლიშვილი, ციტიანის მეუღლე - ნინა მაყაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი. 1927 წელი.

 „დღეს შევიტყვე: ქუთაისში კიკვიძის ძეგლს იღებენო და… იქნებ მის ადგილას დაიდგას „ცისფერყანწელთა“ ობელისკი, ძეგლი-სიმბოლო, რაზედაც ამდენი ხანია ჩვენი ფონდი ზრუნავს და ჯერჯერობით, სასიკეთო პასუხი არ ჩანს.
იქნებ… ამ ბაღსაც ყანწელთა სახელი ეწოდოს?!“ – ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა „ცისფერყანწელთა“ ფონდის ფეისბუქგვერდზე ფონდის თავმჯდომარემ, ფილოლოგმა და მწერალმა ნინო ჩხიკვიშვილმა.
„კვირა“ ამ საკითხზე ნინო ჩხიკვიშვილს ესაუბრა.

 

– თქვენი ფონდი დიდი ხანია ფიქრობს „ცისფერყანწელთა“ ძეგლის დადგმაზე…
– მივესალმები საყვარელ ქუთათურებს! თუ კიკვიძის ძეგლის აღება მართლაც საბოოლო გადაწყვეტილებაა (რადგან ვიცი, რომ ამ აზრს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ), მაშინ იქნებ მოხერხდეს, ამ ადგილას ყანწელთა ძეგლი აღიმართოს.
ჩვენი ფონდი ამაზე დიდი ხანია ფიქრობს. ამის თაობაზე თბილისშიც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სადმე, ქალაქის ცენტრში აღმართულიყო მათი ძეგლი, თუმცა, მერე, რატომღაც ეს კონკურსი განულდა, რატომ მოხდა ასე, როგორ და რანაირად, ალბათ მოვა დრო და ამაზეც დავწერ ვრცლად, მაგრამ ახლა, სხვა რამაა მთავარი.
ცნობამ იმის შესახებ, რომ კიკვიძის ძეგლის აღება გადაწყდა, ასე მგონია, ისევ დააბრუნა დღის წესრიგში  ქუთაისში ყანწელთა ძეგლის, ანდა ობელისკის აღმართვის იდეა.
– ვიცი, რომ ცოტა ხნით ადრე ქუთაისში „ცისფერყანწელთა“ ძეგლის დადგმის ადგილიც კი მოინიშნა…
– დიახ, თავის დროზე, მხარის გუბერნატორთან – ბატონ გივი ჭიჭინაძესთან და „ცისფერყანწელთა“ შთამომავლებთან და ქუთაისში ამ ფონდის წარმომადგენელთან –  მაია პაქსაშვილთან ერთად, მოვინიშნეთ კიდეც ერთ-ერთი ადგილი თეთრ ხიდთან ახლოს, აი იქ, წულიკიძის ბაღს რომ ეძახიან, სადაც  იდგა ცნობილი კაფე „იალტა“ ყანწელთა თავშეყრის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი.
მაშინ გადაწყდა, რომ სწორედ აქ დაიდგმებოდა აღნიშნული ძეგლი. თუმცა, ეს იდეა იდეად დარჩა და მერე, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დავიწყებას მიეცა.
ახლა კი,  მინდა ეს იდეა ისევ გავაცოცოხლო და გთხოვოთ, რომ იქნებ, ბოლოს და ბოლოს, მოგვარდეს ეს და „ცისფერყანწელთა“ ხსოვნისათვის, კიკვიძის ძეგლის ნაცვლად, დაიდგას  ძეგლი, ანდა ობელისკი, რომელიც ქალაქს დაამშვენებს და უფრო მეტ სიხარულსა და სიმბოლურ დატვირთვასაც მისცემს სწორედ  ბაღს. მით უფრო, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,  ქუთაისის თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებს სურთ, რომ ამ ბაღში ყანწელთა სახელობის თეატრი აშენდეს.
თეატრი და… იქვე ძეგლი! „ცისფერყანწელთა“ სახელების უკვდავსაყოფად, ეს ნამდვილად დაამშვენებდა „ცისფერყანწელთა“ ქალაქს.
იქნებ  დადგა დრო, დავიწყებული სახელების გაცოცხლებისა,  ერთი საუკუნის შემდეგ მაინც, გავიხსენოთ ისინი ისე, როგორც ეს მათ ხსოვნას შეჰფერის.
ბოლოს და ბოლოს,  ქუთაისი ხომ „ცისფერყანწელთა“ ქალაქია! ამაში, ქუთათურებს ვერცერთი სხვა ქალაქის თავკაცი  ვერ შეეჯიბრება, ვერც  ამ დიდ პატივს ჩამოართმევს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები