„А вас штирлиц, я попрошу остаться! – 8 თებერვალი ვიაჩესლავ ტიხონოვის დაბადების დღეა
8 თებერვალს, მოსკოვის ოლქში დაიბადა მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი. ამ დღეს ეხმაურება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ანალიტიკოსი ლელა ანჯაფარიძე. სტატუსს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ზუსტად ამ დღეს 1928 წლის 8 თებერვალს, მოსკოვის ოლქის ქალაქ პავლოვსკი პასადში, მუშისა და ბაღის ამზრდელის ოჯახში დაიბადა არაჩვეულებრივი ვიაჩესლავ ტიხონოვი. აღსანიშნავია, რომ მისი დაბადების დღის თარიღი ორდება და ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია 8 თებერვალი, ორივე უმაღლესი ჯილდო მთავრობისგან, 50 და 70 წლიან იუბილესთან დაკავშირებით, არქივის პირადი ჩანაწერების გადამოწმების შედეგად, მან 7 თებერცალს მიიღო, რაზედაც ხუმრობდა: „პარტიამ უკეთ იცისო, როდის დავიბადე და უნდა ვენდოო“.
მე ყოველთვის მაკვირვებდა ამ დიდ მსახიობსა და კაცში ვაჟკაცობის, ინტელექტის და ბუნებრივი ინტელიგენტობის შერწყმა…
მუშათა გარემოში აღზრდილი ტიხონოვი იმდენად დახვეწილი იყო თავად ბოლკონსკის როლში და ისე ცეკვავდა ნატაშა როსტოვასთან, რომ გეგონებოდა, მოსკოვის ცენტრში, სტალინის 7 მაღალსართულიანი ცნობილი სახლიდან ერთ-ერთში იყო გაზრდილი, თანაც გუვერნანტკების და დიპლომატების გარემოცვაში…
ფილმში „საქმე იყო პენკოვოში“ კი ძალიან მომხიბვლელ, მაგრამ უბრალო სოფლელი კაცის როლს ისე ასრულებდა, თითქოს ღრმა ბავშვობიდან ტრაქტორიდან არ ჩამოსულა…
ერთხელ იხუმრა – რა კარგია, რომ „ტატუიროვკა“ რომ გავიკეთე, მთლიანი სახელის ვიაჩესლავის მაგივრად, მოკლედ დამაწერეს – „სლავა“, რადგანაც ძალიან მიჭირდა მისი ფილმებში გრიმით დაფარვაო“…
ასე რომ, ჩვენი რუსი თავადი ბოლკონსკი ტატუიროვკით ცეკვავდა მეჯლისზე და შემდგომშც ისე მალავდა, რომ თავად გესტაპოს შეფმა ბრონევოი – მიულერმაც კი ვერ შეამჩნია.
მე მგონი, რომ ტიხონოვის მიერ ასეთი ფართო დიაპაზონის სახეების წვდომის მიზეზი იყო ერთი, – გლეხებში, თავადებში, ფაშისტებში, კომუნისტებში და ა.შ. … ყველგან არსებობენ ნამდვილი და ღირსეული მამაკაცები და ტიხონოვი ამის თამაში არ უჭირდა… ის მართლა იყო ასეთი…
ყველა პრემიით იყო დაჯილდოებული, რაც არსებობდა, ნამდვილი კონოვარსკვლავი იყო და მთელი მისი ქონება გახლდათ – პატარა აგარაკი და ერთი პატარა ბინა, თუმცა ქალაქის ცენტრში…
არასდროს არ ჰქონია არავითარი ხმამაღალი რომანი…
არასდროს იპრანჭებოდა სხვა მსახიობებივით, რომლებიც მასთან ახლოსაც ვერ მივიდოდნენ და იძახდნენ – „გული გაგვიწყალეს ამ თაყვანისმცემელებმა და მოგვბეზრდნენო“…
პატარა ბავშვივით უხაროდა და ამაყობდა, როდესაც ქუჩაში ცნობდნენ…
ადამიანებში ყველაზე ძალიან აფასებდა წესიერებას…
ერთხელ განაცხადა – „მამაკაცები სოყვარულზე და ავადმყოფობაზე არ უნდა საუბრობდნენო“…
მისი პირველი მეუღლე გახლდათ შესანიშნავი ნონა მორდიუკოვა, რომელმაც დიდი ენერგია დახარჯა იმაზე, რომ წყნარ ვაჩესლავს ის შეემჩნია… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი წყვილი იყო, მათი ერთად ცხოვრება, სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა… სავარაუდოდ, ნონა მისთვის ზედმეტად აქტიური იყო… ტიხონოვი წყნარად დაშორდა მეუღლეს და არასდროს ცხოვრებაში ამ თემაზე არ უსაუბრია… მათ 13 წლიანი ქორწინების შედეგად გაუჩნდათ ვაჟი- ვლადიმერი, რომელიც საოცრად გავდა ვიაჩესლავს, მაგრამ სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა, ნარკოტიკებისგან…
მისი მეორე მეუღლე გახლდათ «Совэкспортфильм» ის თანამშრომელი. მათ გაუჩნდათ ქალიშვილი, ანა, რომელმაც მსახიობის ბედი აირჩია…
როდესაც ვიაჩესლავი მიხვდა, რომ მეორე ქორწინებაც ვერ შედგა, არ დაუწყია ხმამაღალი დაშორებები, ქონების გაყოფა… უბრალოდ ჩაალაგა ჩანთა და გადავიდა საცხოვრებლად აგარაკზე, საიდანაც უკვე აღარ დაბრუნებულა და უმტეს შემთხვევაში დროს მარტოობაში ატარებდა…
ის გარდაიცალა 2009 წლის დეკემბერში, ინფარქტისგან…
გუშინ გავიგე, რომ თავის დროზე ჩაუტარებიათ ექსპერიმენტი. 100- კაციან აუდიტორიაში ახდენდნენ მამაკაცის სახის ნაკვთების დემონსტრირებას… ცალკე – თვალების, ცხვირების ნიკაპების. ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ აუდიტორიის უდიდესმა ნაწილმა შექმნა ყველაზე უფრო ვაჟკაცური და მომხივლელი ნაკვთების გაერთიანება და გამოვიდა – ტიხონოვი…
ვასილ შუკშინი მას, გულწრფელობისა და ადამიანობის გამო, მოსკოველ „სიბირიაკს“ ეძახდა,
შავყურა თეთრი ბიმი, გადაღებების შემდეგ ისე განიცდიდა მასთან დაშორებას, რომ დიდი მსახიობი ყოველ დილით ნახულობდა თავის კოლეგას და უმისობას ნელ-ნელა აჩვევდა… „გაზაფხულის 17 გაელვების“ გადაღებისას, გადამღები მოედნის გვერდით, ერთი ქალბატონი გადასარევად აღზრდილ ძაღლს ასეირნებდა, რომლიც გამვლელებს ზოგჯერ გამარჯობასაც ეუბნებოდა… ძაღლმა შორიდან იგრძნო ტიხონოვი, ხელიდან გაუსხლტა პატრონს და მივარდა შტირლიცს… ის კი ჩამოუჯდა და გაესაუბრა… ეს ეპიზოდი იყო სრული იმპროვიზაცია, მაგრამ იმდენად გულწრფელი, რომ ფილმში შევიდა…
ქალები გრაფ ანდრეი ბოლკონსკის როლის შესრულების შემდეგ, ნატაშა როსტოვებივით სიყვარულისგან თავბრუდახვეულები დადიოდნენ…
გერმანელები „გაზაფხულის 17 გაელვების“ ნახვისთანავე, შტირლიცის მხარეზე გადადიოდნენ…
გერმანელების არ ვიცი, მაგრამ შუკშინს, ძაღლებს და შეყვარებულ ქალებს სავსებით ვენდობი…
გილოცავთ კიდევ ერთი ლამაზი კაცის დაბადების დღეს და გისურვებთ, გვერდით გყოლოდეთ ისეთი ადამიანი, რომ ყოველგვარი ომების და საიდუმლო მისიების გარეშე, ისე უყურებდეთ ერთმანეთს თვალებში, როგორც მაქსიმ მაქსიმის ძე ისაევი თავის მეუღლეს მყუდრო კაფე „Elephant“-ში ..
მე კიდევ გული მწყდება იმაზე, რომ ვიაჩესლავ ტიხონოვის გვერდით, მისი ლამაზი ცხოვრების ბოლო წუთებში არ გაჩნდა მიულერი და არ წარმოთქვა თავისი ცნობილი ფრაზა – „А вас штирлиц, я попрошу остаться!“, – წერს ფეისბუქის გვერდზე ლელა ანჯაფარიძე.