„დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“ – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა გაიხსნება

8 თებერვალს, 18:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში  გაიხსნება გამოფენა – „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“.
როგროც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან განუცხადეს,  საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, იხილოს უნიკალური ხელნაწერები: გელათის ოქრომელნით მოხატული ოთხთავი, უშუალოდ დავითთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ხელნაწერები – „გალობანი სინანულისანი“, „რუის-ურბნისის ძეგლიწერა“. ექსპონატებს შორის უმნიშნელოვანესია „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერები: „მარიამისეული“ ხელნაწერი, და „ქართლის ცხოვრების“ ანა დედოფლისეული ხელნაწერი.
გამოფენა 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს საგანმანათლებლო აქტივობებს.
„გააფერადე მეომრები“ – აქტივობა განკუთვნილია სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის და გულისხმობს შემდეგს: დავითის ხელნაწერების დათვალიერების შემდეგ ბავშვებს საშუალება ექნებათ, მოისმონონ ისტორია დიდგორის ბრძოლის გამარჯვებისა, ხოლო შემდეგ გააფერადონ ბრძოლის სცენა ამოღებული ხელნაწერიდან „დავითნი“ – ცხენები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგი, ბრძოლის ამსახველი სცენა; ამით, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, წარმოიდგინონ დიდგორის ბრძოლის მეომრები.
„დავით აღმაშენებლის მემატიანე“ – აღნიშნული აქტივობა განკუთვნილია სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. აქტივობა გულისხმობს შემდეგს: მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ჯგუფებში იმუშაონ „ქართლის ცხოვრების“ ორი ხელნაწერის ფოტოასლზე, მარიამისეულ და ანასეულ ნუსხებზე. ორივე ხელნაწერი შეიცავს დავით აღმაშენებლის შესახებ ცნობებს. მოსწავლეები ცოტა ხნით მოირგებენ მკვლევრის როლს და შეეცდებიან, დაადგინონ, რა შინაარსობრივი მსგავსება და განსხვავებაა ამ ორ ტექსტს შორის. მუშაობის შედეგს ჯგუფი წარადგენს საექსკურსიო ვიზიტის დასასრულს. მსგავსი ინტერაქტივის განვრცობა პედაგოგს შეუძლია უკვე საკლასო მუშაობის ფარგლებში.

სალექციო შეხვედრები:
• 12 თებერვალი, 16:00 საათი. ლექციას თემაზე – „დავით აღმაშენებლის ანდერძი“, – წაიკითხავს მზია სურგულაძე (ისტორიის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი);
• 15 თებერვალი, 15:00 საათი. ლექციას დავით აღმაშენებლის ეპოქის შესახებ წაიკითხავს მიხეილ ბახტაძე (ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი).

(მის.: მერაბ ალექსიძის ქუჩა, N1/3),

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები