უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. გადაწყვეტილება, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე, უკრაინის უმაღლესმა რადამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადადგა და ქვეყანა დატოვა.
არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტობის პოსტზე კენჭს სულ 21 კანდიდატი იყრის.
თავდაპირველად არჩევნებისთვის უკრაინაში 225 საარჩევნო ოლქი შეიქმნა, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საარჩევნო ოლქების რაოდენობა 213-მდე შემცირდა.
ამასთან, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ ოლქში პრორუს სეპარატისტებს ამ დრომდე დაკავებული აქვთ ადმინისტრაციული შენობები და საარჩევნო კომისიები. სეპარატისტთა ლიდერების განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლუგანსკში 1 771 873 ამომრჩეველია, დონეცკის ოლქში კი – 3 289 616.
პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვალენტინ ნალივაიჩენკოს განცხადებით, არჩევნების დღეს სპეცოპერაციები არ ჩატარდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი. თუმცა, ყირიმში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა ქვეყნის სხვა რეგიონებში შეეძლებათ.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 35 500 913 ამომრჩეველია.
ამომრჩეველთა კომიტეტის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ვითარების გამო არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველთა თითქმის 5% ვერ მიიღებს.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებს 2 785 უცხოელი დამკვირვებლი დააკვირდება.
სოციოლოგიური კვლევების ბოლო მონაცემებით, წინასაარჩევნოდ ლიდერობს კორპორაცია “როშენის” მფლობელი, ბიზნესმენი, უმაღლესი რადას დეპუტატი პეტრო პოროშენკო.