მატეო პატრონე: EBRD-ი უფრო და უფრო მეტად ენდობა საქართველოს მთავრობას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას
“ჩვენი ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და EBRD-ი უფრო და უფრო მეტად ენდობა საქართველოს მთავრობას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას”, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე საუბარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს და EBRD-ის, როგორც საქართველოსთვის ძლიერი პარტნიორის და დონორის როლს ქვეყნის განვითარების პროცესში შეეხო.
ყურადღება გამახვილდა პროექტებზეც, რომლებში ინვესტირებას EBRD-ი მომავალში გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა პროექტი, რომელიც EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტულია და ხელს უწყობს საქართველოს რეგიონულ ჰაბად და ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ის ინტერესს საჯარო სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა მატეო პატრონეს წინამორბედის, ბრუნო ბალვანერას წვლილს საქართველოში წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პორტფელის შექმნაში, რისთვისაც პრემიერმა მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.