„ალილუია“ – დევნილი ქართველი პოეტების კრებული გამოიცა, ითარგმნება ოს ავტორთა პოეზიაც…
გამოვიდა ლექსების კრებული „ალილუია“, რომელშიც გაერთიანებულია შიდა ქართლიდან დევნილი პოეტების შემოქმედება.
კრებულის წარდგენა გასული წლის ნოემბერში უკვე გაიმართა გორის ერისთავის სახელობის თეატრში. ამჯერად წიგნის პრეზენტაციას თბილისი უმასპინძლებს. კრებულის რედაქტორია, პოეტი მზია ხეთაგური, შემდგენელი – პოეტი და მთარგმნელი ირინე გოჩაშვილი.
წიგნის წარდგენა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შენობაში 20 თებერვალს იგეგმება.
„კვირა“ ესაუბრა კრებულის შემდგენელს ირინე გოჩაშვილს.
– წარმატებულ და საშვილიშვილო საქმეს ჩაეყარა საფუძველი, წიგნის სათაურის „ალილუიას“ ავტორია მზია ხეთაგური. სახელიც სიმბოლურია, ხალხის გაერთიანებისა და ომის დასრულების სადიდებლად, ეწოდა „ალილუია“. კრებულის შედგენის იდეა და დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს ეკუთვნის.
– კრებულის წარდგენას გორმა უკვე უმასპინძლა…
– გორში ჩავიტანეთ წიგნები და ავტორებს იქ შევხვდით – დევნილთა უმრავლესობა ხომ იქაა ჩასახლებული. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დიდი შრომა გასწია თამარ ხიზანიშვილმა.
– ვიცი, რომ სხვა კრებულების გამოცემაც იგეგმება…
– რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება ჩვენი მისია, წინ კიდევ გველოდება არაერთ კრებულზე მუშაობა: სამომავლოდ გამოიცემა – თარგმანი, პროზა-პოეზია, პუბლიცისტიკა, ასევე ითარგმნება ოს ავტორთა პოეზიაც.
რომ გადავხედე ჩვენი ხალხის შესაძლებლობებს, მათი ნიჭი – ლიტერატურის ყველა ჟანრს მოიცავს. ეს საშური საქმეა… უახლოესი კრებული დევნილი ავტორების თარგმანებს დაეთმობა.
– კრებულში „ალილუია“ რამდენი ავტორი მოხვდა, მათ შორის არიან ახალგაზრდებიც…
– წიგნში 37 ავტორის პოეზიაა წარმოდგენილი. მათ შორის არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოეტები, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესო და აღნიშვნის ღირსია, მათ გვერდით ახალგაზრდა დამწყები პოეტების (ხმამაღალი ნათქვამია) შემოქმედებაა წარმოდგენილი. მათ კალამი მშობლიური მიწიდან იძულებითმა წამოსვლის ტკივილმა ააღებინა. როდესაც ამაღელვებელ პოეტურ სახეს ქმნი, ლექსით ყვები ნაღველსა თუ დარდს, თან ამას დახვეწილი ქართულით ამბობ, პოეტი ხარ, ნამდვილად.
კრებულ „ალილუიას“ წინასიტყვაობაში ჯანსულ ჩარკვიანი წერს: „ამ წიგნის გამოეცემა ნამდვილად წაადგება ჩვენ საქმეს. ლექსი ისეთი წამალია, ნებისმიერ შხამს რომ გამოდევნის სულიდან. ოსებსა და ქართველებს მართლა არაფერი გვაქვს გასაყოფი. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი, მერე ჩვენი მიწაც აყვავდება“.
მზია ხეთაგური: „წინამდებარე წიგნი ერთ მიზანს ემსახურება, – გამოხატოს სამშობლოს დანაწევრებით გამოწვეული ტკივილი. და მწარე რეალობის მიუხედავად, ქრისტიანული ურთიერთმიტევებით გადადგას ნაბიჯები შერიგებისკენ. შერიგების გზა ტაძრამდე მიგვიყვანს, სადაც ოსებმა და ქართველებმაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის უნდა ვილოცოთ“.
თამარ შაიშმელაშვილი