“პარლამენტი იმისთვისაა, რომ იყოს დებატი, დისკუსია და იყოს მიღებული სწორი გადაწყვეტილებები”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში შეაფასა და საპარლამენტო ცხოვრებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გამოყო.
„პირველ რიგში, ძალიან საინტერესო ანგარიში იყო და პრაქტიკულად თქვენ ყველა ის ძირითადი საქმე და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიმოიხილეთ, რომლებიც ჩვენ ერთად განვახოციელეთ. რა თქმა უნდა, უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციის დამსახურებაც არის. სწორედ ოპოზიცია დღევანდელ პარლამენტში, ამ საკონსტიტუციო მოდელში აშკარაა, რომ თავის ფუნქციას ბევრად უფრო ეფექტურად ასრულებს. დღეს ოპოზიციას ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს, თავისი განსხვავებული აზრი და არგუმენტები სხვადასხვა ცვლილებასთან, კანონთან თუ რეფორმასთან დაკავშირებით დაასახელოს. ამ კუთხით განსაკუთრებული და თვისობრივი სიახლე ახალი კონსტიტუციის შემდეგ მიღებული რეგლამენტია, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ ის წუხილები და კითხვები, რაც ოპოზიციას ჰქონდა საპარლამენტო ზედამხედველობასთან და მთავრობის პარლამენტში ვიზიტებთან დაკავშირებით, დღის წესრიგიდან მეტწილად მოხსნა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის თავმჯდომარეს და კონსტიტუციის რეფორმაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა.
„ბატონო თავმჯდომარევ, მე მინდა ამ მნიშვნელოვან რეფორმას დავუბრუნდე, რომელშიც თქვენ ლიდერი იყავით, რომელსაც თქვენ უძღვებოდით და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკონსტიტუციო რეფორმის სამუშაო ჯგუფში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ იყო სკეფსისი, რომ ეს კონსტიტუცია შესაძლოა იმ მოლოდინებს ვერ გაამართლებდა, რომელიც მასთან მიმართებაში იყო დასახული. როგორც ხედავთ, ბევრი მიმართულებით ახალმა კონსტიტუციამ მოლოდინები უკვე გაამართლა. ეს მეტი გარანტიებია თვითმმართველობისთვის, ვხედავთ მეტ დაფინანსებას, ვხედავთ მეტ დამოუკიდებლობას გადაწყვეტილებებში და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს, როდესაც საქმე თვითმმართველობებსა და რეგიონებს ეხება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ტერიტორიული მთლიანობის საკითხს შეეხო.
„პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როდესაც მთავრობისა და ქეთევან ციხელაშვილის, მისი სამინისტროს ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მხარი დაუჭირა. მხოლოდ ესაა გზა, მხოლოდ ესაა სწორი ხედვა, როგორ უნდა აღადგინოს ჩვენმა ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობა და იმ ეკონომიკური, სოციალური სიკეთეების გაზიარებით, რომელზეც ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მზადყოფნა გამოვთქვით. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ადამიანების მიმართ შეიძლება იყოს სწორი გზავნილი სამომავლოდ, რომ მშვიდობიანი გზით, განვითარებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ის ადამიანები ჩვენს სამოქალაქო სივრცეში დაბრუნდნენ“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძე ანგარიშის იმ ნაწილსაც შეეხო, სადაც საუბარი დასაქმებაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მცირე ბიზნესის განვითარებაზე იყო.
„პარლამენტის ერთერთი მნიშვნელოვანი საქმე სწორედ ის იყო, რომ ჩვენ შევძელით გადასახადების დაწევისთვის დაგვეჭირა მხარი, მიგვეღო სათანადო რეგულაციები იმ ინიციატივაზე, რაც პრემიერმინისტრმა წარმოადგინა. გადასახადების დაწევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ადმინისტრირების გამარტივება, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტში. სოციალურ ინიციატივებთან დაკავშირებით მოკლედ ვიტყოდი, რომ ამის ბოლო ნათელი მაგალითი ჭარბვალიანობასთან და პასუხისმგებლიან დაკრედიტებასთან დაკავშირებული ცვლილებები იყო, რასაც თქვენ თქვენს ანგარიშში შეეხეთ და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი სოციალური და სოლიდარობის აქტი იყო. ზუსტად ეს არის ის გადაწყვეტილება და იმ გადაწყვეტილებების მაგალითი, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები ჩვენგან ელოდებიან. პარლამენტში დისკუსიის შედეგად სოციალური დახმარების მოდელში ცვლილებები შევიდა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ პარლამენტში ვსაუბრობდით, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უნდა აღდგენილიყო და რომ ცვლილებები სოციალური დახმარების მიღების მომენტში უნდა შესულიყო. აქ ოპოზიციასაც, რა თქმა უნდა, აქვს წვლილი, რომ ამაზე დისკუსია სწორად წარიმართა და მთავრობამ პარლამენტთან ერთად საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილებები მიიღო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის შეფასებისას ყურადღება იმ სიახლეებზე გაამახვილა, რომელიც რეგლამენტის ახალი რედაქციის შესაბამისად დამკვიდრდა. არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების შეფასებისას, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ რეზოლუციასა და დროებითი საგამოძიებლო კომიის შექმნის საკითხებს გაუსვა ხაზი.
„ახალმა რეგლამენტმა უკვე დაგვანახა, რომ მისი ძალაში შესვლისთანავე ის ინსტრუმენტები გამოვიყენეთ, რაც სიახლეა. ეს არის მინისტრების ანგარიშვალდებულება, შიდა დისციპლინა და ეს არის ფორმატები, რომელსაც ახალი რეგლამენტი გვთავაზობს. ბატონო თავმჯდომარევ, არამხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს, მე მინდა იმ პოლიტიკურ დებატებსა და მიდგომებს გამოვეხმაურო, რომელიც თქვენ და ჩვენ, პარლამენტის წევრებს, ურთულეს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა. ბოლო წლის და ამ ორი წლის საქმიანობამ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ ურთულეს პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიისგან არასოდეს არ გავქცეულვართ. პოლიტიკური დებატებისგან და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებებისგან, რომლის მაგალითიც, რა თქმა უნდა, არის საერთო რეზოლუცია ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმესთან დაკავშირებით, რომლის მაგალითიც არის საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც ჩვენ უმრავლესობა სწორედ ოპოზიციას მივეცით, უმცირესობას, და რომლის მაგალითიც არის, თუნდაც, საკანონმდებლო რეფორმებთან დაკავშირებული პოლიტიკური დებატები. ასე რომ, პარლამენტი არამხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევა, არამედ, მთლიანად აცნობიერებს პასუხისმგებლობას იმ რთულ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც წარსულშიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა და დღესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ესეც მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, როგორც თავმჯდომარე, ქმნით შესაბამის ფორმატს, გარემოს, პროცესს პარლამენტში, რომ ამ საკითხებზე სათანადო პოლიტიკური დებატი შედგეს. ზოგჯერ, თუნდაც ძალიან ხმამაღალ რეგისტრში, ზოგჯერ თუნდაც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, მაგრამ, ფაქტია, რომ ასეთ საკითხებს პარლამენტი არასოდეს არ გაქცევია“, -აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
გამოსვლის დასასრულს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პარლამენტის მიერ მიღწეულ წარმატებებს შეეხო.
„საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, როდესაც ჩვენ სრულად საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავედით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა საერთაშორისო პარტნიორებთან თავისი სტრატეგიული დიალოგის დონე და მნიშვნელობა გაზარდოს. ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან საუბარი შეძლოს, როგორც ქვეყანაში წამყვანმა საკონსტიტუციო ინსტიტუტმა და მე ვხედავ, რომ ეს პროცესიც სწორად მიდის და მე მინდა, მადლობა გადავუხადო ასევე ჩვენი პარლამენტის იმ თანამშრომლებს და იმ დეპარტამენტებს, რომლებიც ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.