მარიამ ჯაში: 2019 წლიდან გადავდივართ საპარლამენტო მოღვაწეობის ახალ ეტაპზე

 

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა 2018 წელს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისივე თქმით, სისტემური რეფორმების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
,,უპირველესად, სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ზოგადი განათლების კანონში შეტანილი ცვლილებები მინდა დავასახელო. მოგეხსენებათ, რომ მანდატურის სამსახურში 2018 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც სკოლის შიდა და გარე პერიმეტრების მონიტორინგის გაუმჯობესებას, მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების, როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული მზადების თვალსაზრისით აღნიშნული კრიტერიუმების გაუმჯობესებასა და საგანგებო სიტუაციების მართვისა და მზაობისთვის მანდატურის სამსახურებისთვის ახალი დატვირთვის მინიჭებას მოიაზრებს“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, კომიტეტი აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესს დააკვირდება.
მარიამ ჯაშმა ყურადღება ასევე პროფესიული განათლების რეგულირებაზე გაამახვილა.
,,აღნიშნულმა საკანონმდებლო ინიციატივამ განათლების სისტემის ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური, პროფესიული განათლების ძირითადი, საბაზისო რეგულაციები, არამხოლოდ მოაწესრიგა, არამედ არსებულ პრაქტიკაში სამი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. საკანონმდებლო ჩიხი აღმოფხვრილია და 2019 წლის საგაზაფხულო მიღებიდან მოსწავლეებს საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ კოლეჯში ინტეგრირებული სასწავლო კურსის გავლის სესაძლებლობა ექნებათ, რომელიც მათ პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად საატესტატო კვალიფიკაციასაც მიანიჭებს. ეკონომიკური საქმიანობებიდან შემოსული შემოსავლების რეინვესტირების საშუალება კოლეჯის განვითარების ინიციატივებში მნიშვნელოვანი ცვლილება გახლდათ. ჩვენ წელს, 2019 წლიდან, გავაჩინეთ შესაძლებლობა, რომ კერძო კოლეჯებს სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარე პროგრამებში თანაბარი მონაწილეობის საშუალება მიეცემათ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილ კიდევ ერთ ცვლილებაზე, რომელიც კრიტიკული საკადრო დეფიციტის აღმოფხვრას ემსახურება. კერძოდ, მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის შემოიღეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სპეცპედაგოგები მასწავლებლის სქემის ნაწილი გახდნენ და 2019 წლიდან, როგორც საბიუჯეტო გარანტიებით, ასევე რეგულაციებით, მათი პროფესიული მოტივაციის შესაძლებლობა იზრდება.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, კომიტეტმა 37 სხდომა ჩაატარა, აქედან 11 საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვან კომიტეტს წარმოადგენდა. მისივე განცხადებით, კომიტეტის წევრებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 50-ზე მეტი და კულტურის სფეროს დაწესებულებებში 30-ზე მეტი ვიზიტი ჰქონდათ.
„ჩვენ აღნიშნულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს რეგულარულად ვხვდებით, რათა მათი პოზიციები და მათ წინაშე მდგარი გამოწვევები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებში ,აქსიმალურად აისახოს.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, 2018 წელს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მას განათლების დაფინანსების გაზრდა გასული წლის მნიშვნელოვან შედეგად მიაჩნია, თუმცა, მისივე თქმით ეს ინფრასტრუქტურული თუ საკადრო ანაზღაურების პრობლემების გადასაჭრელად საკმარისი არაა.
„ჩვენ, როგორც სახელმწიფო დაფინანსების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დამატებითი ფინანსური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ვიმუშავებთ“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაგეგმარების ფარგლებში კულტურულ დაწესებულებათა ბიუჯეტის ზრდაზე, რომელიც მისივე თქმით, ერთობლივი კოორდინაციით განხორციელდა.
მარიამ ჯაშმა 13-15 თებერვალს კომიტეტის გასვლითი სხდომა დააანონსა, რომელზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად 2019 წლის სამოქმედო გეგმას შეაჯერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები