გედევან ფოფხაძე უმრავლესობას ტოვებს – „ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს“

“ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს“, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს და ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მან უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიამ, „ქართული ოცნება“, პოლიტსაბჭოს დახურული სხდომის შემდეგ განცხადება გაავრცელა. ამასთან, ფოფხაძე ამბობს, რომ მან თუ ეს გადაწყვეტილება თავად არ მიიღო, მას პარტიას მაინც დაატოვებინებენ. “ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს – ეს რეალობაა და ფაქტობრივად, ეს ასეც ფიქსირდება უკვე უმრავლესობის სხდომებზე. ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდენციების მიმართ, რაც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში, ალბათ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს არის ფორმალური ნაწილი, რომელიც მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მეგობრებთან ერთად უნდა გადავწყვიტო. მე შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამორიცხავენ. ეს არის ფორმალური ნაწილი. მე იმედი მაქვს, რომ დასწრებაზე არ დადგება საქმე, მოგვეცემა საშუალება ბოლომდე შევჯერდეთ და იმედი მაქვს, ჭიჭინაძის მაგალითს არ გაიმეორებენ, ძალიან უღირსად მოიქცნენ მაშინ, დათოსთან მიმართებაში,“ – აცხადებს გედევან ფოფხაძე.
ცნობისათვის, დღეს პარტია „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. ორსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა: „პოლიტიკური ჯგუფების, “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან “შეზრდილი” არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმას და შტურმს არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასთან და ეს პირიქით, წარმოადგენს თავდასხმას სასამართლო ხელისუფლებაზე. შტურმი სასამართლო სისტემაზე მიზნად ისახავს მხოლოდ იმ მოსამართლეთა დასჯას, რომლებიც წინა ხელისუფლების გავლენის სფეროდან გავიდა. ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მორგებულ და ამ პოლიტიკური ძალის მიერ ორკესტრირებულ შეტევას, რომლის მიზანია დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული „ურჩი“ სასამართლო კორპუსი.
ამ ფონზე, მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ დადგება პროცესებს მიღმა და არ დაუშვებს, ჩვენი – საზოგადოებისა და ხელისუფლების – ერთობლივი მონაპოვარის – თვისებრივად გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომლის მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, არ ჩაერთონ არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას სასამართლო სისტემის შემდგომი გაჯანსაღების თაობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცებისა და შემდგომი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად“, – ამონარიდი განცხადებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები