ირაკლი კობახიძე: პარლამენტში შეიქმნა ევროპული სამართლებრივი კულტურის მაღალი სტანდარტების ახალი რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო ორგანოში 2018 წლის ანგარიშით წარსდგა და 2019 წლის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
პირველი რაზეც ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა იყო.
„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას კანონშემოქმედება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, 2018 წელი ნაყოფიერი გახლდათ. კერძოდ, ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 705 კანონი, მათ შორის, 294 ინიცირებული იყო პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების მიერ. თუმცა, დღეს ამ დარბაზში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იყო ამა თუ იმ კანონპროექტის წარმდგენი, მთავარია, რომ თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით.
საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2018 წლის მარტში დასრულდა და რომლის შედეგადაც შეიქმნა ეროვნულ სამართლებრივ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომლის ძირითადი ელემენტებია ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებას ადასტურებს ვენეციის კომისიის შეფასებაც, რომლის თანახმად: „საკონსტიტუციო რეფორმამ საბოლოოდ დაასრულა საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემად გარდაქმნის პროცესი და ის წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისაკენ გადადგმულ დადებით ნაბიჯს, ეფუძნება რა დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს“. კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებული საპარლამენტო მმართველობის მოდელი მოითხოვდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახლებურ გააზრებას, რაც საკმაოდ შრომატევად საქმეს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა ამ რთულ ამოცანასაც ღირსეულად გაართვა თავი და შექმნა ევროპული სამართლებრივი კულტურის მაღალი სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგლამენტი. შედეგად, კიდევ უფრო გამოიკვეთა პარლამენტის საზედამხედველო როლი და გაჯანსაღდა პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობების სისტემა“,- განაცხადა ირალი კობახიძემ.
მისი თქმით, 2018 წელს პარლამენტის კიდევ ერთი მასშტაბური ამოცანა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაცია იყო.
„ამ მიზნით, ცვლილება იქნა შეტანილი 100-ზე მეტ კანონში, აგრეთვე, რიგ შემთხვევებში შეიქმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო აქტები. შესაბამისად, კომიტეტებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი სამუშაო, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ მათ. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არ იყო მხოლოდ ტექნიკური დატვირთვის მატარებელი და იგი მიზნად არ ისახავდა კანონმდებლობის კონსტიტუციასთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობის უზრუნველყოფას, არამედ ამ პროცესმა მოგვცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, გადაგვედგა ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების ინტერესების სასიკეთოდ.
ამის მკაფიო მაგალითია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მასშტაბური გადასინჯვა. კონსტიტუციის შესაბამისად მოწესრიგდა საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხები; გაიწერა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის გამოცემის დეტალები; დაზუსტდა თავდაცვის ძალების მართვის საკითხები როგორც მშვიდობიანობის, ისე საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს. ცალკე აღსანიშნავია რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს და საჭიროების შემთხვევაში, მოგვცემს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობას. მოქალაქეობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით ახლებურად ჩამოყალიბდა საქართველოს მოქალაქეობის ფლობის წესი. ახალი რეგულაციებით დადგინდა უკეთესი პირობები ემიგრაციაში მყოფი ჩვენი ათასობით თანამემამულისთვის, რომლებიც ამჟამად არ ფლობენ საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა, სურთ დაიბრუნონ ეს სტატუსი. აგრეთვე, დადგინდა უცხოელებისთვის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისა და ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ყოფნის ახალი რეგულაციები, რომლებიც ეფუძნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“,- აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კვლავ რჩება ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების კვალდაკვალ, უწინდებურად რჩება ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად. ამ გამოწვევის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ემსახურება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის საქართველოს სახელმწიფო სერვისებისა და განათლების პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, აგრეთვე მათ ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ საზოგადოებასთან.
პარლამენტი ტრადიციულად განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს განათლების სფეროსადმი, იქნება ეს ზოგადი, უმაღლესი თუ პროფესიული განათლება. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნოემბერში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რომლის მიზანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ,,დედაენის“, ანუ ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის საკანონმდებლო დონეზე დაცვა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენებისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა. აგრეთვე, განსაკუთრებული პრიორიტეტია სკოლებში ჩვენი შვილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ კუთხით, დადგინდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დამატებითი ფუნქციები, რომლის მიხედვითაც სამსახურს დაევალა სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. რასაკვირველია, ამავე დროს, ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებით პატივსაცემი ნაწილის – პედაგოგების პირობების გაუმჯობესებისათვის. აქვე უნდა აღვნიშნო იმ კონსტიტუციური გარანტიის შესახებ, რომელიც განამტკიცებს აკადემიურ თავისუფლებასა და საუნივერსიტეტო ავტონომიას. გასულ წელს განხორციელებული ცვლილებებით, აგრეთვე, დაიხვეწა პროფესიული განათლების სისტემა და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება გახდა გაცილებით ეფექტიანი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები