დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები ნოვოროსიად გაერთიანდნენ

 დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები გაერთიანდნენ და ნოვოროსიის ახალი სახელმწიფო შექმნეს. ამის შესახებ 24 მაისს დონბასის “სახალხო გუბერნატორმა“ პაველ გუბარევმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, ნოვოროსიის სახელმწიფოდ გაერთიანების შესახებ“, – აცხადებს გუბარევი მისი სიტყვებით, ნოვოროსია მზად არის აღიაროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევის ხელისუფლება დონბასის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გარდა ახალი სახელმწიფოს შემადგენლობაში შევლენ დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ნიკოლაევოს, ხარკოვის და ხერსონის ოლქები. მათი გამოყოფა მოხდება მხოლოდ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის საშუალებით. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან, შეთანხმებას ხელი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ბოროდაიმ მოაწერა, ხოლო ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ალექსეი კარიაკინმა. დოკუმენტზე ხელის მოწერა უკრაინის რეგიონების წარმომადგენელთა ყრილობის დასრულების შემდეგ მოხდა, რომელში მონაწილეობაც ქვეყნის 8 ოლქის 145 წარმომადგენელმა მიიღო.
ყრილობა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მის დაწყებამდე უკრაინის სახალხო დეპუტატმა ოლეგ ცარიოვმა “სახალხო ფრონტის“ შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამ ფრონტის შექმნის მიზანი დასავლეთის სპეცსამსახურების გავლენისგან უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში მცხოვრები მოსახლეობის დაცვაა.

გრეტა სარქისოვა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები