ნათელა მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდს უხელმძღვანელებს

ნათელა მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდს უხელმძღვანელებს, რომელიც 30 იანვარს დაარსდა, – ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.
როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, საქველმოქმედო ფონდი საგანმანათლებლო მიმართულების იქნება.
„30 იანვარს დაფუძნდა სალომე ზურაბიშვილის ფონდი. ფონდის თავმჯდომარე არის ნათელა მაჭავარიანი. ფონდის საქმიანობა მიმართულია საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და ინოვაციური პროექტების მოსაძიებლად და დასაფინანსებლად. ფონდი ასევე იმუშავებს ემიგრანტების საკითხებზეც. ეს არის საქველმოქმედო ფონდი და ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ მიმართულებების გაძლიერებით შესაძლებლობა ექნება შემოწირულობები შემოიტანოს. ფონდის საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის. ფონდის მუშაობას მუდმივად გააკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა. ამ ეტაპზე ფონდში უკვე არის ჩარიცხული 8 ათას 280 ლარი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის 17 დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით შრომითი გასამრჯელო”, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები