კახა კალაძე: როგორ ფიქრობთ პოლიტიკური განწყობების მიხედვით ხდება ადამიანების დახმარება? -კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ბრალდება
“ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ისე გამოვიდა, რომ ან მე ვიტყუები ან გამგებელი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის თანახმადაც სოციალურად დაუცველების დახმარებისთვის განკუთვნილი ფული, თითქოსდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ჩაურიცხეს.
კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თანხის გაცემა ადამიანებისთვის პოლიტიკური სიმპათიებით ხორციელდება.
„გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. პათოსი იყო ასეთი – მერი იტყუება თუ გამგებელი? როდესაც აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ამ საკითხზე დამისვა შეკითხვა, ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი დეტალები ამ საქმის შესახებ. სავარაუდოდ, თანხა გამგებლის იყო. თუმცა, ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ისე გამოვიდა, რომ ან მე ვიტყუები ან გამგებელი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ის, რომ ვიღაცამ ვაკის რაიონული ორგანიზაციის ოფისიდან სეიფი მოიპარა, მოსახლეობისთვის დახმარების გაწევასთან საერთოდ კავშირში არაა. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრული ინფორმაცია არა მხოლოდ გამგეობის, არამედ მთლიანად, დედაქალაქის მერიიდან ყოველთვიურად რამდენ ადამიანს ვეხმარებით. როგორ ფიქრობთ, იქ სხედან ჩვენი თანამშრომლები და არჩევენ, ვინ „ქართული ოცნების“, ვინ „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელია და პოლიტიკური განწყობების მიხედვით ხდება ადამიანების დახმარება? ეს უბრალოდ, შეურაცხმყოფელია და კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ბრალდება. ჩვენ ასეთი მიდგომები არასდროს გვქონია, არც გვექნება და არც დღეს გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.