თამარ ტალიაშვილი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სწორედ ამ დღის აღსანიშნად შეიკრიბნენ და საჯარო კითხვის სიმბოლურ ტრადიციაში ჩაერთვნენ.
,,თბილისში თითქმის არ არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ამ დღესთან დაკავშირებით რაიმე აქტივობა არ ტარდება. ამ ინიციატივას თბილისის საჯარო ბაღებში ზუსტად ისეთი გაგრძელება მოჰყვა, როგორსაც მოველოდი, როდესაც მისი მასშტაბური აღნიშვნის ინიციატივა დავაყენე. ამიტომ წიგნიერებისა და კითხვის პოპულარიზაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თაობების ინტელექტუალურ-შემოქმედებითი განვითარების საქმეში’’,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თბილისის საკრებულოს ცნობით, სალონური ტიპის შეხვედრაზე, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, ქართველი მწერლები და გამომცემლები: ქეთევან დუმბაძე, ნიკა ჯორჯანელი, ალეკო შუღლაძე, ცირა ბარბაქაძე, ვასო გულეური, მანონ ბულისკერია, ცისანა ჯოხაძე, ბესო სოლომონაშვილი, ირაკლი შამათავა და სხვები საკუთარი შემოქმედებიდან ამონარიდებს ერთმანეთის მონაცვლეობით კითხულობდნენ.
თბილისის საკრებულოსა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, სამომავლოდ, კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებები იგეგმება.
წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო დღე წლებია, მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მასში ათასობით ადამიანი ერთვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები