მამუკა ხერხეულიძე მკურნალობას სახლში განაგრძობს – რატომ გაიტანა მან სახლიდან იარაღი

   პუბლიცისტი მამუკა ხერხეულიძე, რომელიც პეტრიაშვილის ქუჩაზე დაჭრეს, ინციდენტამდე სახლიდან რაღაც მიზეზის გამო, იარაღით გამოვიდა, თუმცა მას იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა, – ამის შესახებ „კვირას“ ხერხეულიძის ადვოკატმა შოთა მანდელიძემ განუცხადა.
„როგორც წესი, მამუკა ხერხეულიძე იარაღით არ დადის, მას ტარების უფლება არ ჰქონდა, თუმცა, 14 მაისს, ინციდენტის დღეს იარაღი სახლში ვერ დატოვა და თან გაიყოლა“, – აღნიშნა ადვოკატმა შოთა მანდელაძემ.
მისი თქმით, საქმის მასალებში მამუკა ხერხეულიძე მოწმის სახელით ფიქსირდება და ის გამოძიებამ, მხოლოდ ერთხელ, საავადმყოში დაჰკითხა.
ინციდენტის შესახებ დღემდე არ საუბრობენ პუბლიცისტის მამუკა ხერხეულიძის ოჯახის წევრებიც. ფეხში დაჭრილი ხერხეულიძე უკვე მეხუთე დღეა მკურნალობას სახლში აგრძელებს და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მაია გურაბანიძე ამბობს, რომ მის მეუღლესა და ბრალდებულს შირის არანაირი შურიუსძიება არ ყოფილა.
„არავითარი შურისძიება არ ყოფილა, ისიც კი არ ვიცი, რატომ მოხდა ეს ინციდენტი. ვიცი, მხოლოდ, რომ ვიღაც არის დაკავებული, თუმცა მისი ვინაობა ჩემთვის უცნობია. თუ გაინტერესებთ მამუკას ჯანმრთელობის მდგომარეობა ვისაუბროთ, სხვა კითხვების გამო აღარ დამირეკოთ“, – განუცხადა „კვირას“ მაია გურაბანიძემ.
„კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ პუბლიცისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია გიორგი ნიჟარაძე. ის დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა „კვირას“ განუცხადა, ნიჟარაძე გამოძიებამ შს სამმართველოში ერთხელ დაკითხა და მას შემდეგ დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ნიჟარაძეს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, დაცვის მხარე სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას გირაოს სანაცვლოდ სთოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
„გიორგი ნიჟარაძე 30 წლამდე ახალგარზდაა. ის რაგბისტია და ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა. ტრავმის გამო ვარჯიში დროებით ჰქონდა შეწყვეტილი და მკურნალობდა. დღემდე დუმილის უფლებას იყენებს და საქმის მასალების გასაჯაროებას არ ვაპირებ“ – აღნიშნა ადვოკატმა მამუკა ლომიძემ.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს პეტრიაშვილის ქუჩაზე, კაფე „ანტრეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე პუბლიცისტი მამუკა ხერხეულიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.
„მამუკა ჩვენი ხშირი სტუმარია, რადგან მეზობლად ცხოვრობს. ის მარტო იყო შემოსული. ყავა და წყალი აიღო და გარეთ მაგიდასთან დაჯდა. ზუსტად რა მოხდა, ჩვენ ვერ დავინახეთ, ერთ-ერთმა კლიენტმა დაჭრილი ხერხეულიძე შიგნით შემოიყვანა, მას ფეხიდან სისხლი სდიოდა.
ინციდენტის შემდეგ მისი მეუღლეც მოვიდა. ხერხეულიძე ბოლომდე კონტაქტური იყო, მას გონება არ დაუკარგავს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განუცხადა „კვირას“ „ანტრეს“ მენეჯერმა.
ამის შემდეგ მამუკა ხერხეულიძეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარეს.
მამუკა ხერხეულიძის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 20 მაისს, 30 წლის გიორგი ნიჟარაძე დააკავეს.
შს სამინისტროს იფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამუკა ხერხეულიძეს შემთხვევის დროს თან ჰქონდა მის სახელზე შეძენა-შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა. სამართალდამცველებმა მამუკა ხერხეულიძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება გიორგი ნიჟარაძის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ხოლო მამუკა ხერხეულიძის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები