ბორჯომში, ენერგოეფექტიანობასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტების საკითხზე მაღალი დონის დისკუსია გაიმართა

საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში ენერგეტიკის სფეროს მარეგულირებელი კანონპროექტების განხილვა დაიწყება, რომელის შესახებ დღეს ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში” მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია გაიმართა.
შეხვედრაზე ენერგეტიკის შესახებ, ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ კანონპროექტებზე იმსჯელეს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში განსახილველად შემოიტანს.
„ძალიან მნიშვნელოვანია საკითხის წინასწარი განხილვის მოწყობა, რათა ყველა ჩართული პირის აზრი გავიზიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ევრორეგულაციებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითრების დონე მკვეთრად განსხვავდება მთელი რიგი იმ ქვეყნებისაგან, სადაც ასეთი რეგულაციები მოქნედებს, ამიტომ მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება და იმ პირობების საქართველოს რეალობასთან შესაბამისობა”,- განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ენერგეტიკისა და ენერგოეფექტიანობის რეფორმების განვითარების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლის საკითხზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს, ენერგოეფექტიანობის ზომების მიღების საფუძველზე წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები და სხვა აქტუალური საკითხები.
„ახალი ჩარჩო კანონის პროექტი, რომლის შესახებაც დღეს ფართო დისკუსია გაიმართა, ამკვიდრებს ახალ წესებს და სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომხმარებლის უფლებები კიდევ უფრო დაცული იყოს და მას ჰქონდეს არჩევანი კონკურენტულ მიმწოდებლებს შორის თუ ვისგან რა ფასად, რა პირობით შეიძინოს ელექტროენერგია თუ ბუნებრივი აირი. ეს საქმიანობა იქნება კონკურენტული”,- აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.
ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წამყვანმა ექსპერტებმა დარგში არსებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ქართულ მხარეს. მოხდა ენერგოეფექტიანობასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე პოზიციების შეჯერება.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, “EU4Energy Governance” პროექტისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ორგანიზებით გამართული შეხვედრა ენერგეტიკის სექტორში საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეფორმის თობაზე ბორჯომში ხვალაც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები