არჩილ თალაკვაძე: ევროპულ სასამართლოსა და მინისტრთა კომიტეტს ბერკეტები აქვთ, რომ მათი გადაწყვეტილებები აღსრულდეს

ევროპულ სასამართლოსა და მინისტრთა კომიტეტს ბერკეტები აქვთ, რომ მათ გადაწყვეტილებები აღსრულდეს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ევროპულ სასამართლოსა და მინისტრთა კომიტეტს ბერკეტები აქვთ, რომ მათ გადაწყვეტილებები აღსრულდეს. ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს, მაგრამ დრო გავა და დარწმუნებული ვარ, აღსრულდება. სტრასბურგის გადაწვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იმ შემთხვევაში, როცა საქმე სამართლიანობას ეხება, ევროპული სასამართლოსა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის დიდი და პატარა ქვეყნები არ არსებობს, სიმართლე არსებობს, რომელიც საქართველოს მხარესაა.რუსეთს საკმაოდ დიდი ოდენობით კომპენსაცია დაეკისრა და მთავარია არა მხოლოდ კომპენსაცია, არამედ გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ უფლებები მასობრივად დაარღვია. ბრძოლას სხვა საკითხებზეც გავაგრძელებთ, რომ საქართველოს სიმართლე დამტკიცდეს. ბრძოლა სამართლებრივი მეთოდებით საერთაშორისო ფორმატში გაგრძელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ჩეპამ განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები არ უნდა აღიაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები