თამარ ჩუგოშვილი: ამერიკის კონგრესმა რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა
„ამერიკის კონგრესმა რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში, ჯორჯ ვაშინგტონის ევროპული, რუსული და ევრაზიული სწავლებების ინსტიტუტში გამართული დისკუსიისას განაცხადა.
მისი განცხადებით, რუსეთი სულ უფრო და უფრო აფართოებს ოკუპაცია, გაყავს ახალი ეკლიანი მავთულხლართები ქვეყნის შუაგულში და არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
„მაგალითად, კონგრესის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით სანქციები დაეკისრა იმ ქვეყნებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, და რომლებიც კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს ქვეყნები ვერ მიიღებენ რაიმე სახის დახმარებას ამერიკის ხელისუფლებისაგან. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი გზავნილებია. ჩვენ ამას მცოცავ ოკუპაციას ვეძახით. რუსეთი დროდადრო ახალ ფიზიკურ ბარიერებს აღმართავს ჩვენი ქვეყნის შუაგულში. უამრავი ადამიანი ზარალდება ამით და ეს უამრავ ადამიანს აყენებს ტკივილს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობენ, ამ მიწაზე ცხოვრობენ. რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად მოახდინოს ამ ადამიანების იზოლაცია – რუსეთი ხურავს გამშვებ პუნქტებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვის ჩვენთან კავშირის შესაძლებლობაა. ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს უამრავი ფუნდამენტალური რამ სჭირდებათ – მათ სჭირდებათ ჯანდაცვა და სხვა სასიცოცხლო მომსახურება, საქართველო სთავაზობს მათ ამ ყველაფერს და ასევე, ახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას. ჩვენ ვცდილობთ, დავანახოთ მათ ეს შემრიგებლური მიდგომა, მაგრამ რუსეთი დგება ჩვენს შორის და ზღუდავს ამ კომუნიკაციას, გაყავს ახალი ეკლიანი მავთულხლართები ჩვენი ქვეყნის შუაგულში. ამ მიმართულებით, პროგრესი არ არის მიღწეული, მხოლოდ უარყოფითი დინამიკაა. ჩვენ ვხედავთ, როგორ იტაცებენ ამ ტერიტორიებიდან ადამიანებს, სასტიკად კლავენ და აწამებენ ჩვენს მოქალაქეებს”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე და იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელა შეუერთდება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც სრულად აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ვენესუელაში განვითარებული მოვლენები დადებით იმედებს გვინერგავს, რადგან ვენესუელა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც აღიარეს – რუსეთის გავლენით – ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ვენესუელის პოლიტიკურ სპექტრში განვითარებული ცვლილებები, იმედი გვაქვს, გააუქმებს ამ აღიარებას და ვენესუელა შეუერთდება იმ ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც სრულად აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამრიგად, კონგრესის ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ერთობ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რისთვისაც ჩვენ უაღრესად მადლიერი ვართ”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის პარლამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაკისრებას იმ ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.
„ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ მიზანმიმართული სანქციების მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აწამეს და მოკლეს საქართველოს მოქალაქეები. ამ ადამიანებს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ რუსეთის და რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი რეჟიმების მიერ. ისინი დღესაც დაუსჯელები არიან, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დამადასტურებელი მასალა არსებობს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორპარტიული დადგენილება, რომელსაც მხარი დაუჭირა ყველა პოლიტიკოსმა, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა. ამ საკითხზე ყველა მათგანი შეთანხმდა, რომ ამ ადამიანებს უნდა დაეკისროთ სანქციები. დღეს, ჩვენ ამაზე უკვე ვესაუბრებით საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე ამერიკის კონგრესს და ვცდილობთ მოხდეს ამ სანქციების დაკისრება დანაშაულში მხილებულ ადამიანებზე”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პარლამენტის გაძლიერების საკითხებს და საარჩევნო გარემოს.
„შეხვედრაზე ძალიან დიდი დრო დაეთმო პარლამენტის გაძლიერების საკითხს, რომელზეც მე პირადად ძალიან ბევრს ვმუშაობ, მათ შორის, პარლამენტის საზედამხედველო კონტროლის მნიშვნელობას. ასევე, საუბარი გვქონდა იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მომავალ არჩევნებამდე. ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოგვიახლოვდება, ჩვენ გარკვეული ცვლილებები გვაქვს გასატარებელი და გასაუმჯობესებელი გვაქვს საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ ყოველი შემდეგი არჩევნები იყოს უფრო წინ გადადგმულ ნაბიჯი და არა ხარვეზებით ჩატარებული არჩევნები. ამ საკითხებზე იყო საუბარი და როგორც ყოველთვის, შეხვედრაზე იყო ძალიან მხარდამჭერი განწყობა.
ჩვენ მადლობა გადავუხადეთ მათ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. ამ დახმარების და მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება. ვფიქრობ, რომ ყველა პირობა გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი მუშაობა როგორც პარლამენტის გაძლიერების, ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გავაგრძელოთ”,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.