31 იანვარს კინორეჟისორი თენგიზ აბულაძე 95 წლის გახდებოდა

31 იანვარს კინორეჟისორი თენგიზ აბულაძე დაიბადა. ის 95 წლის გახდებოდა.
გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979, ფილმისათვის – „ნატვრის ხე”), სსრკ სახალხო არტისტი (1980). უამრავი საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებული, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრი (1992), ღირსების ორდენის კავალერი (1994), ივანე ჯავახიშვილის სახელობის ორდენოსანი (1986), ლენინური პრემიის ლაურეატი (1988, ტრილოგიისათვის – „ვედრება”, „ნატვრის ხე”, „მონანიება”),

თენგიზ აბულაძე 1924 წლის 31 იანვარს დაიბადა ქუთაისში. 1943-1946 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე.
შემდეგ დიდი რუსი რეჟისორის სერგეი ეიზენშტეინის რჩევით, წარმატებით ჩააბარა გამოცდები მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში („ვგიკი”), კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (რეზო ჩხეიძესთან ერთად). 1953 წელს თენგიზ აბულაძემ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო დაამთავრა.
1955 წელს ეკრანებზე თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ერთობლივი ფილმი „მაგდანას ლურჯა“ გამოვიდა, რომელიც ქართული კინოს ისტორიაში გარდატეხის დასაწყისად მოიაზრება. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ქართული კინო განთავისუფლდა „საბჭოთა კინოკლასიკის” სტერეოტიპებისგან.
1967 წელს აბულაძემ გადაიღო ცნობილი ტრილოგიის პირველი ფილმი „ვედრება“.
1976 წელს კინოეკრანებზე ტრილოგიის მეორე ფილმი „ნატვრის ხე” გამოვიდა და დიდი წარმატება ხვდა წილად, მას თითქმის ყველა ფესტივალზე უჩვენებდნენ.
„მონანიება” ტრილოგიის ბოლო დამაგვირგვინებელი ფილმია, მისი პრემიერა 1986 წელს შედგა. ამ ფილმის გადაღებას დასაწყისშივე დიდი წინააღმდეგობა შეხვდა კრემლის მხრიდან და ალბათ ძალზე ძვირად დაუჯდებოდათ მის შემქმნელებს, საბჭოთა სისტემას ნგრევა რომ არ დაეწყო.
„მონანიების” შემდეგ თენგიზ აბულაძემ ახალ ფილმზე დაიწყო ფიქრი, რომელიც ნანა ჯანელიძის თქმით, ილიას მკვლელობით უნდა დაწყებულიყო და გალაკტიონის თვითმკვლელობით დასრულებულიყო.
სამწუხაროდ, მან ვერ მოასწრო ამ პროექტის განხორციელება. 1994 წლის 6 მარტს  გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები