საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია შეინიშნება – ინტერვიუ მაია ბუწაშვილთან
რა არის ტუბერკულოზი? ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკრობაქტერია იწვევს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შესაძლოა, ჩართული იყოს და დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა.
მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარეობს, პაციენტების ინფორმირებულობის დონე არასაკმარისია – ტუბერკულოზი განაჩენი არ არის! დაავადების დროულად დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში ტუბერკულოზი იკურნება!
როგორია ტუბერკულოზის სტატისტიკა საქართველოში, როგორ გამოიყურება ეს მაჩვენებლები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა საქართველოში და როგორია სახელმწიფოს როლი – ამ და სხვა კითხვებზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ესაუბრა:
როგორია ტუბერკულოზის სტატისტიკა საქართველოში და როგორ გამოიყურება გავრცელების ეს მაჩვენებლები სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია, თუმცა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებს. 2017 წელს ჩვენს ქვეყანაში ტუბერკულოზის 3000-მდე შემთხვევა აღირიცხა.
საქართველოში განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული (ანუ მედიკამენტების მიმართ გამძლე) ფორმების მაღალი გავრცელება, რაც გლობალურ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. საქართველოში ფილტვის ტუბერკულოზის ახალ შემთხვევათა შორის მულტირეზისტენტული ფორმები (MDR-TB) 11%-ს შეადგენს (გლობალური მაჩვენებელი 3.5%), ხოლო ნამკურნალევ შემთხვევათა შორის – 30%-ს (გლობალური მაჩვენებელი 18%). MDR-TB-ს დაახლოებით 15%-ში აღინიშნება ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზი (XDR-TB) (გლობალური მაჩვენებელი 8.5%).
როგორია ტუბერკულოზის გავრცელების მხრივ სიტუაცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში?
ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ტუბერკულოზის მაღალი გავრცელება რუსეთში, რომელიც მიეკუთვნება მსოფლიოში ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი ტვირთის მქონე 30 ქვეყანას. ასევე ძალიან მაღალია რუსეთში რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელება.
რამდენად ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში?
საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკას და მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ანუ პაციენტისთვის სრულიად უფასოა, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ტუბერკულოზის ადრეულ დიაგნოსტიკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების წარმატებული მკურნალობისთვის. კერძოდ, მიმდინარეობს ოჯახის ექიმების სწავლება ტუბერკულოზის შესახებ, რათა დიაგნოზი დროულად დაისვას. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკები აღიჭურვა თანამედროვე აპარატებით, ე.წ. ჯინექსპერტებით, რომელთა საშუალებითაც დაავადების დიაგნოსტიკა ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი.
განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი აჭარის რეგიონისკენ, სადაც ტუბერკულოზის გავრცელება აღემატება სხვა რეგიონებს. ზოგადად, აჭარაში არა მხოლოდ ტუბერკულოზის, არამედ სხვა გადამდები დაავადებების (მაგალითად, C ჰეპატიტის და აივ ინფექციის) გავრცელებაც მაღალია სხვა რეგიონებთან შედარებით. ეს, სავარაუდოდ, აიხსნება ამ რეგიონში ინტენსიური მიგრაციით.
ამიტომ აჭარა გამოცხადდა ე.წ. ნულოვანი ტუბერკულოზის ზონად, რაც ნიშნავს, რომ კონსოლიდირებული ძალისხმევა ხდება დაავადების წინააღმდეგ არა მხოლოდ სამედიცინო სფეროს, არამედ ადგილობრივი მთავრობის და მუნიციპალიტეტების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან.
რამდენად არიან პაციენტები ინფორმირებულები ტუბერკულოზის შესახებ, დიაგნოზის შემდეგ ხომ არ აქვთ იმის შეგრძნება რომ ეს განაჩენია…
ტუბერკულოზთან დაკავშირებული სტიგმა საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადახვა საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარეობს, პაციენტების ინფორმირებულობის დონე არ არის საკმარისი, რაც ბევრ პრობლემას ქმნის, როგორიცაა, მაგალითად, დაგვიანებული მიმართვიანობა და შეწყვეტილი მკურნალობის პრობლემა.
რას ურჩევდით მათ, ვინც ტუბერკულოზის დამარცხებას ცდილობს?
ზედმიწევნით შეასრულონ ექიმის მითითებები და დანიშნულება. ნაადრევად არ შეწყვიტონ მკურნალობა და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ტუბერკულოზი სრულად განკურნებადი დაავადებაა და არა განაჩენი. მოუფრთხილდნენ ახლობლებს, ანუ დროულად შეატყობინონ კონტაქტში მყოფ პირებს, რომ მათ ჩაუტარდეთ შესაბამისი გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა. ნუ დამალავენ დიაგნოზს და იმედი ჰქონდეთ ახლობლების თანადგომის.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრს თუ ახლობელს დაესვა ტუბერკულოზის დიაგნოზი, გამოიჩინონ თანაგრძნობა და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი პაციენტს სრულად ჩაიტაროს მკურნალობა.
R
ნინო გოლოშვილი