ირაკლი კობახიძე: იყო საუბარი ყველა დეტალზე, რომელიც პრინციპული მნიშვნელობისაა

“სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე პრინციპების დონეზე განვიხილეთ კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგ შეხვედრაზე უკვე გაგრძელდება დეტალური დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რაც უნდა აისახოს კანონპროექტში, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში.
“რეალურად, იყო საუბარი ყველა დეტალზე, რომელიც პრინციპული მნიშვნელობისაა, დაწყებული იმით, თუ რამდენად უნდა იყოს ღია ის კონკურსი, რომელიც გამოცხადდება, შემდეგ როგორი უნდა იყოს პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როგორ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება საბჭოს მიერ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი შემდეგ პარლამენტში, რამდენი კანდიდატი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი – ამ ყველაფერზე გვქონდა ჩვენ საუბარი.
დღეს, ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ პრინციპების დონეზე გვქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. მეორე შეხვედრაზე უკვე გვექნება საშუალება, რომ დეტალურად წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტები, რომელიც იქნება შემოთავაზებული კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაიმართება.
„ ჩვენ წარვმართავთ პროცესს ისე, როგორც არის ეს რაციონალური, პრაგმატული. დღეს გვქონდა ზოგად პრინციპებზე მსჯელობა და ამის შემდეგ უკვე გვექნება მსჯელობა დეტალებზე და როგორც უკვე აღვნიშნე, მეორე შეხვედრაზე უკვე შეგვეძლება, რომ წარმოგიდგინოთ გადაწყვეტილებებიც დეტალებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირის ბოლომდე შევძლებთ ჩვენ მეორე შეხვედრის ჩატარებას. შესაბამისად, სესიის დაწყებამდე, გარკვეული მონახაზი გვექნება კანონპროექტთან დაკავშირებით”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები