ოთო კახიძე: ვიმედოვნებ, რომ ფორმატის ცვლილება მოხდება, თუ არადა, ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთ
„ევროპულმა საქართველომ“ დააყენა კონკრეტული წინადადება, სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთო კახიძემ განუცხადა.
კახიძის თქმით, მათი წინადადებების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარტია ამ სამუშაო ფორმატში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
“ევროპულმა საქართველომ” დააყენა საკითხი სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთელი შემადგენლობაა წარმოდგენილი, ასევე, ის პირები, ვინც იმ ათკაციან სიაში იყვნენ. არასამთავრობოს სექტორიდან შეხვედრას ესწრება ლევან მურუსიძე, “მოსამართლეთა ასოციაციის” სახელით და ეს არ არის ფორმატი, სადაც ჩვენ ვხედავთ რამე აზრს, რომ რეალურად განვიხილოთ საქმიანი წინადადებები. ამიტომ შეთავაზება გვაქვს, რომ კვოტები განისაზღვროს: მოსამართლეთა წარმომადგენლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, არამოსამართლე წევრები, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი უფრო სერიოზული შემადგენლობით და ასევე, პოლიტიკური ჯგუფები”, -განაცხადა კახიძემ.
მისი თქმით, უნდა შემცირდეს ჯგუფის შემადგენლობა, რომ შესაძლებელი იყოს მუშაობა.
“უნდა გაიწეროს დებულება, რადგან დღეს ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული. ეს ჯგუფი თავის დროზე ჩამოყალიბებულია იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს აჩვენონ, თითქოს რეფორმებს ახორციელებენ, მაგრამ ვხედავთ, რა შედეგებიც აქვს ამ რეფორმებს. ამიტომ დავაყენე კონკრეტული წინადადებები, რაც ამ შეხვედრაზე არ გაიზიარეს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ შეხვედრამდე ამ ფორმატის ცვლილება მოხდება, თუ არადა, ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთ და ჩვენი ინიციატივების ლობირებას საპარლამენტო ფორმატებში გავაგრძელებთ “, – აღნიშნა კახიძემ.
სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.