წყალტუბოში, კვების ობიექტში აფეთქება მოხდა – მეპატრონემ გაზის გამათბობელი უნებართვოდ დაამონტაჟა

წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაზე, სწრაფი კვების ობიექტში გაზის გამათბობელი აფეთქდა, რაც, სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავდა 3 ადამიანი.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულებმა მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღეს. მათივე ინფორმაციით, სამივე მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული.
ამასთან, „კვირამ“ გაარკვია, რომ სწრაფი კვების ობიექტი რამდენიმე კვირის წინ გასხვისდა და ახალმა მეპატრონემ ის გაარემონტა.
როგორც  „კვირას“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განუმარტეს, 19 იანვარს „საშაურმე“ კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა შეამოწმეს და იქ დარღვევები აღმოაჩინეს.
„სწრაფი კვების ობიექტი სულ ცოტა ხნის წინ გასხვისდა. ახალმა მეპატრონემ ბუნებრივი აირის მილები თვითნებურად დაამონტაჟა. 19 იანვარს ობიექტი შეამოწმეს „სოკარ ჯორჯიას“ სპეციალისტებმა და დარღვევები აღმოაჩინეს. მათ ობიექტის ახალ მეპატრონეს ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად ვადა მისცეს. დღეს, დილით კი მან გაზის გამათბობელი მაინც ჩართო და აფეთქებაც მოხდა“, – აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240 პრიმა მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები